ლევან ჯიბღაშვილმა შეყვარებული გამოაჩინა – „თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა…“

0
507

ყოველთვის სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, ხშირად ხვდება სექსუალური მამაკაცების ქართულ ათეულში.

მექალთანის სტატუსიც აქვს ქალაქში, თუმცა, შეყვარებული ლევან ჯიბღაშვილი აქამდე არავის უნახავს. საკუთარ რომანზე მსახიობსა და ბიზნესმენს საჯაროდ არსად უსაუბრია. დღეს ლევანი შეყვარებულია. მისი რჩეული მომღერალი, სალომე წვერაიძე. ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ თავის რჩეულზე.

– ლევან, ბიზნესში წახვედი, დაივიწყე პროფესია?
– არ დავივიწყე, უბრალოდ, არ არის ისეთი პროექტები, შემოთავაზებები, რომელიც დამაინტერესებს. ვთამაშობდი „ჩემი ცოლის დაქალებში“, „დეტექტივებიც“ გაჩერდა. ყველამ იცის, რომ იუმორისტულ სერიალებთან შეხება არ მაქვს…
– რატომ?
– ამ ჟანრს სხვა სპეციფიკის მსახიობი სჭირდება, ამით არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი არ არის. რაც შეეხება „ჯი-დი-ესს“, მათთან ჯერ არ მომხდარა ჩემი თანამშრომლობა. ძალიან საინტერესო პროექტებს აკეთებს ეს ტელევიზია, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მათთან.
– თეატრში არასდროს გითამაშია?
– ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იყო შემოთავაზებები, მაგრამ ბოლომდე არასდროს მისულა მოლაპარაკებები, იქიდან გამომდინარე, რომ მე ადრეული ასაკიდან, 16 წლიდან ბიზნესით ვარ დაკავებული. თეატრი სხვა სამყაროა, სხვა დატვირთვაა, სხვა ენერგიას მოითხოვს. თან ბიზნესი და თან თეატრი არ გამოვა. კინო სხვა სპეციფიკაა, მოახერხებ და შეუთავსებ ერთმანეთს.
– ნოსტალგია არ გაქვს?
– ათი წელია, რაც ეკრანზე ვჩანვარ. ვთამაშობდი: „ასაში“, „სტალინში“, „დეტექტივებში“, „ჩემი ცოლის დაქალებში“, სხვადასხვა ფილმებში. მართალი გითხრა, დღეს „ლომკა“ მაქვს კამერასთან მუშაობის.
– რამ განაპირობა შენი ადრეული ასაკიდან ჩართულობა ბიზნესში?
– ცხოვრებამ, იმან რომ თბილისში, უცხო ქალაქში აღმოვჩნდი მარტო, არანაირი შემოსავლის წყარო არ მქონდა. ფული მჭირდებოდა. ვხედავდი, რომ ყველას ჰქონდა შემოსავალი, მე კი ხაჭაპურის საყიდელი ფული არ მქონდა. მაშინ იდეაფიქსად გავიხადე ის, რომ მე ბევრი ფული უნდა ვიშოვო.
– ეს იდეა და სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ყველა ვერ ახორციელებს…
– ჰო, არიან ადამიანები, რომლებიც წვრილმანების გამო იწუნებენ სამსახურებს. ვიღაცას სკამი არ მოსწონს, რომელზეც ზის, ვიღაცას კაბინეტი, ვიღაც ძალიან იღლება, ზოგსაც თამანშრომელი თრგუნავს. ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, თუ საქმის გაკეთება გინდა. 2004 წელს პრომოუტერული კომპანია გავხსენი, ივენთებს ვაკეთებდით, ძალიან მაგარ საღამოებს კლუბებში. ამ ღონისძიების ფლაერებს მთელი ღამე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარიგებდი, მანქანებში ვტოვებდით მოსაწვევებს, პლაკეტებს ვაკრავდით ქუჩაში, იმიტომ, რომ ის ფული, რაც ამ საქმისთვის სხვისთვის უნდა მიგვეცა, ჩვენ დაგვრჩენოდა. მერე, საღამოზე რომ მოდიოდა ხალხი, ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი მე, ჩემი საღამო იყო, ჩემ მიერ ორგანიზებული და არავინ იცოდა ამის გამო ღამეების თენება რომ მიწევდა ქუჩაში. თუ პირველივე სამუშაო დღეს კაბინეტში დაჯექი, შავი და თეთრი სამუშაო ერთმანეთისგან განასხვავე, ფულს ვერ იშოვი, შორს ვერ წახვალ. ვერც გავიხსენებ იმდენ ადგილას მიმუშავია და იმდენნაირი საქმე წამომიწყია, სავაჭრო ჯიხურებიდან დაწყებული, საბილიარდო დარბაზებით დამთავრებული.
– დედა, ალბათ, ამაყობდა ამ დროს შენით…
– ასე იყო ნამდვილად. ფული მომეცი-მეთქი, არასდროს მითქვამს.
– იმიტომ რომ, მამაკაცი არ ედგა გვერდით დედას, თუ თვლიდი, რომ შენ იყავი მამაკაცი ოჯახში?
– ბავშვობიდან ასე ვიყავი. რამე რომ მჭირდებოდა, დედას არასდროს ვთხოვდი. ბოთლები ჩამიბარებია და ისე მიყიდია შოკოლადი ჩემთვის. ასეთი ტიპი ვარ, „მომეცი“ არ შემიძლია. ალბათ, აქედან გამომდინარე რთულიც ვარ ბიზნესში. თანამშრომლების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ არა უხეში.
– მითხარი ბიზნესმენისთვის საჭირო თვისებები…
– პირველ რიგში, ვერ წარმომიდგენია სიტყვები: „არ შემიძლია“, „არ გამომდის“. იმდენი ტკივილი, დაცემა, მერე წამოდგომა მაქვს გამოვლილი, არ მგონია შეუძლებელი რამ არსებობდეს ჩემთვის. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ბიზნესმენის მთავარი თვისება მიზანდასახულობაა, ზუსტად უნდა იცოდე საით მიდიხარ, რა არის შენთვის მთავარი და ამ მიზნისთვის შრომა არ უნდა დაგეზაროს.
– არ გქონია მომენტი, როცა ხელი ჩაგიქნევია, რომელიმე საქმეზე, რომ აქედან არაფერი გამოდის?
– არა. 28 წლის ვარ და ასეთი შემთხვევა არ მქონია. მქონია დაღლის მომენტი, მაგრამ როცა ხვდები, რომ სხვა არ იღლება, სხვას შენზე მეტი შეუძლია, შენც გინდა შეძლო. მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ზოგჯერ სადმე მივდივარ, ზოგჯერ, უბრალოდ, მანქანას ვაჩერებ და საკუთარ თავს ველაპარაკები. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, სულ ვეკითხები, თუ კი ვიღაც ჩემზე მეტს შრომობს, მე რატომ უნდა გავჩერდე? ეს სტიმულია იმისთვის, რომ მეც ვიშრომო. ძალიან მიყვარს სიახლეები. ყოველ წელს ახალ ობიექტს ვხსნი, განსხვავებულ საქმეში ვერთვები.
– ახლა რამდენი ობიექტის მფლობელი ხარ?
– უფ, დავთვალო (იცინის)? ახლა ინოვაციური გართობის საშუალება ჩამომაქვს, განვაბაჟებ მალე, მსგავსი არ არის საქართველოში.
– რა არის ასეთი?
– ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.
– ერთი სიტყვით, სასურველი სასიძო ხარ, საპატარძლო თუ გყავს უკვე შერჩეული?
– მაგაზე სულ ჭორაობენ…
– მეც გავიგე ერთი ამბავი, გადავამოწმოთ?
– გადაამოწმეთ.
– მომღერალი სალომე წვერაიძე…
– გამიბაზრდა მაინც (იცინის)?
– დიდი ხანია თქვენი „ლავსთორი“ დაიწყო?
– წლები არ არის, მაგრამ საკმარისი დრო – კი.
– ოჯახებით იცნობთ უკვე ერთმანეთს?
– ასეა.
– სალომეს შენამდე ჰქონდა ოჯახი, რამდენადაც ვიცი…
– კი, პირველი ქორწინებიდან პატარა ანგელოზი ჰყავს, ორი წლის გოგონა.
– დედა როგორ უყურებს ამ ამბავს?
– დედაჩემი სასწაულად კომფორტული ადამიანია. ერთადერთი, იმას მეუბნებოდა სულ, ისეთი გოგო მოიყვანე ცოლად, ღამე რომ გადახედავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოსო. დანარჩენად ჩემს პირადში ნაკლებად ერევა.
– სალომე როგორ უყურებს იმ ამბავს, რომ შენ მაინც მექალთანის სტატუსი გაქვს ქალაქში?
– რა ვიცი, „მეკაცთანის“ სტატუსი ხომ არ მაქვს (იცინის).
– ერთგული ხარ ბუნებით?
– როცა მიყვარს, კი.
– ხშირად გიყვარდება?
– ორჯერ მიყვარდა აქამდე.
– ბიზნესზე როგორ ვრცლად საუბრობ და პირადზე როგორი მოკლე პასუხები გაქვს…
– (იღიმება) ჰო, არ მიყვარს, ვეუბნებოდი სალომეს, არ დადო ფოტოები, დაიწყება მითქმა-მოთქმა-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა. ათასი თვალია, ვერიდები.
– გათვალვის გჯერა?
– მჯერა რაა, გამოცდილი მაქვს, როცა რაღაც ძალიან მიხარია, ან სადღაც ისეთ ადგილას მივდივარ, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, წინასწარ თუ ვიტყვი, ვეღარ მივდივარ. მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება არის პირადი.
– შენ მსახიობი ხარ, სალომე მომღერალი, როდამდე დამალავდით?
– არ ვიცი.
– საუბრობთ, უკვე მომავალზე, ურთიერთობის გაოფიციალურებაზე?
– ოფიციალური იქნება, რა თქმა უნდა. არაოფიციალურობა რომ მდომოდა, გოგონების მეტი რა არის, არ გამიჭირდებდა. ოჯახის თემა ძალიან სათუთია ჩემთვის. ამ ასაკამდე ცოლი რომ არ მოვიყვანე, იმას ნიშნავს, რომ სიღრმისეულად ვეკიდები ამ საკითხს. ადამიანი ასაკთან ერთად იცვლება, ეცვლება შეხედულებები, ბავშვობაში სხვა რამის გამო გიყვარს ქალი, მოზრდილ ასაკში სხვა რამის გამო, ზრდასრულმა კარგად იცი რა გინდა, ვინ გინდა, როგორი გინდა. რატომ ინგრევა ბევრი ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი? იმიტომ რომ, ურთიერთგაგება ვერ ყალიბდება. მერე აღმოაჩენენ, რომ ეზარება გოგოს შინ სამსახურიდან დაბრუნებული ქმრის მიხედვა. ეზარება, რომ აჭამოს, მოუაროს, ყურადღება დაუთმოს. ბავშვს გააჩენენ და მერე ძიძა კი არ ეხმარებათ ბავშვის გაზრდაში, დედა ეხმარება ძიძას. ბავშვს ძიძა უფრო უყვარს ვიდრე დედა.
– მძიმე ხარ ოჯახურ ურთიერთობებში?
– მსუბუქი და ჰაეროვანიც არ ვარ. ერთხელ მამაომ მითხრა, შენი ცოლობა ძალიან რთული იქნებაო. 11 წელია მარტო ვცხოვრობ, დედასთან ერთად არ ვარ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი წესრიგში მაქვს, მიყვარს მოწესრიგებილი სახლი, გარდერობი. ყველამ იცის როგორ მიყვარს ჩაცმა, ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან მოწესრიგებული ვარ, სულ ფორმაში ვარ. მთელი ცხოვრება თავად ვუვლი თავს და ცოლს რომ მოვიყვან თუ იგივე რეჟიმით ვიცხოვრე, რაღად მინდა ცოლი?
– თუ ცოლიც დაკავებულია, მუშაობს, მაგალითად, სალომე სიმღერით?
– 90 წლებში დამთავრდა სალომეს მომღერლობა (იღიმება). თუმცა მას აქვს თავისი საქმე, მუშაობს. ყველაფრის მოსწრება შეიძლება, როცა გიყვარს. ოჯახს როცა ქმნი, უფრო ბევრი რამ უნდა მოასწრო, ვიდრე იქამდე ასწრებდი.
– ასე მგონია, შენ იქნები ქმარი, რომელიც იტყვის, რომ ქალი ვიცი მე „კუხნაში“…
– არა, რატომ, სამზარეულოს გარდა სახლში სხვა ოთახებიც არის (იცინის). ოჯახი სამზარეულოთი არ განისაზღვრება. მე მგონია, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში. მე დღედაღამ გარეთ ვარ, 24 საათი ვშრომობ. ცოლი რომ მეყოლება სახლს ვინ უნდა მიხედოს? ტრადიციულად, ადათ-წესებით ოჯახი მეუღლის კისერზე დგას. ჩვენი წინაპარი მამაკაცი სულ ბრძოლაში იყო, ფინანსური კუთხით თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ოჯახს პატრონობდა ქალი, დედა.
– აქტიურ ქალებზე არაფერი გსმენია?
– ბევრს ეშინია ჭკვიანი ქალების. სალომე ძალიან ჭკვიანია, შვეიცარიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ქალის, დედის ფუნქციებიც იტვირთოს. არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილის მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?
– სალომემ იცის, შენ ასეთი აზიატური გამოვლინებები რომ გაქვს?
– იცის კი, ყველაფერი იცის. ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს. თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი, სულ არ მოვიყვან. სახლში ხომ უნდა მიხაროდეს მოსვლა. 11 წელია საკუთარ თავს თავად ვუვლი, არაფერი მიჭირს, მადლობა ღმერთს, ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ.
– რა იყო მთავარი, რამაც სალომეში მოგხიბლა?
– უბრალო და უშუალო ადამიანია, სხვანაირი გული აქვს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ის არის, რომ კარგად ხვდება, რომ მასზე ათჯერ მეტი გამოცდილება მაქვს, ათჯერ მეტი მაქვს ნანახი ცხოვრებაში და რასაც ვეუბნები, ყველაფერზე მომყვება. თავისი აზრი, რა თქმა უნდა, აქვს, რომელსაც მე პატივს ვცემ, მაგრამ ბევრ საკითხში მომყვება.
– როგორი ურთიერთობა გაქვს სალომეს შვილთან?
– ძალიან კარგი, ჯერ სულ პატარაა, ბუთხუზა.
– ურთიერთობის გაოფიციალურებაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი?
– არ ვჩქარობთ, ერთად ვართ, კარგად ვართ. ეტაპობრივად ყველაფერი იქნება. ყველაფერს გვიჩვენებს თითოეული ნაბიჯი.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

 

1660_1660068664271896_9195656104838211159_n

1937112_1660268054251957_731473941268365467_n

10344763_332733926935878_585370736229910206_n

12648121_10153566440208401_824586289_n

12650562_10153566440213401_1598199964_n

NO COMMENTS