no_bannerno_banner

"გიო და ბიჭები" - ქართული ბოსანოვა "ლათინო ბოის ბენდთან"

გიო ხუციშვილი და "გიო და ბიჭები" - ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც გიო ხუციშვილი რამდენიმე თვეა მუშაობს. ბიჭებში "ლათინო ბოის ბენდი" იგულისხმება, ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც, სახელწოდების თანახმად, ლათინო ამერიკული ჟანრის მუსიკას უკრავს, ბოსანოვას სტილში.

მათი ამ პროექტის ფარგლებში შეკრება გიო ხუციშვილის იდეაა. თუმცა ქართული სიმღერების ლათინურ რიტმებზე მორგება ბენდის ადრეული სურვილიც ყოფილა. ქართული ჰანგები და აკორდები ლათინური რიტმებით, მენდეთ, არაჩვეულებრივად ჟღერს. ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს გიო და ბენდი ამ ორი სხვადასხვა მენტალობის ქვეყნის მელოდიის სინთეზით და ერთნაირი ტემპერამენტით ისე ასრულებენ, აუცილებლად მოიხიბლებით. "ჩემო ცისფერთვალება", "ნუ ფრთხიალებ, ჩემო ჩიტო", "მთვარე", "თბილისო" - წარმოიდგინეთ ლათინური რიტმებით პლაჟზე... ორწლიანი პროექტი 16 აგვისტოს ბათუმში "სოჰო ლაუნჯის" კონცერტით იწყება. ზღვა, ბოსანოვა, ლაუნჯი და გემრიელი შესრულება - ზაფხულში, რელაქსის დროს, რა გინდა მეტი...

გიო 50 წლისაა (ნამდვილად ვერ მისცემ ამდენს), 13 კილო დაიკლო და ვიპრანჭებიო, ამბობს. ასაკს არ ებრძვის, შინაგანად ისევ ისე ვარ, არაფერი შეცვლილაო, აყოლებს. ახალი პროექტით ანთებულია, უნდა ახალმა სტილმა თავისი ნიშა მალე დაიკავოს. "თქვენი გაზეთით მინდა ყველას ვამცნო, გიო ხუციშვილი ისევ იწყებს ახალ ეტაპს. ჩვენ ვართ პირველები ლათინური და ქართული მუსიკის სინთეზში. ვინმემ თუ მომბაძა, მეორე იქნება. თბილისში არის მიმბაძველობის ტენდენციებია. ცოტა ხანი გვაცალონ და ნუ მოგვბაძავენ. ნიშა აუცილებლად უნდა იპოვო. ქალაქური სტილი ყოველთვის იქნება და მე მას ყოველთვის ვიმღერებ. 50 წლის ასაკში ახალი სუნთქვა გამეხსნა და კიდევ ორი-სამი წელი სულ სიახლეები მექნება..."

"მინდა ამ პროექტმა თავისი ნიშა დაიკავოს"

"ლათინო ბოის ბენდი" ერთ დროს ცნობილი ბარ-რესტორან "ტუკანიდან" იღებს სათავეს. ბენდი 1998 წლიდან სხვადასხვა შემადგენლობით არსებობს. ათი წელია ამ შემადგენლობით არიან, ორი წყვილი ძმით. უკრავენ კლუბებში, თუმცა ყველგან და ყველა სიტუაციაში - არა. გარემოს საგულდაგულოდ არჩევენ. გასვლითი პროექტებიც აქვთ - აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში. ბენდთან ხუციშვილს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

გიო ხუციშვილი: "სამსახურის გამო ვერასდროს ვახერხებდი ამ პროექტის განხორციელებას. ამ ბენდს კი სულ ვუსმენდი. ბავშვობიდან სამბასა და ლათინურ მუსიკაზე ვარ გაზრდილი. ქართულშიც ზის ეს რიტმი და ჩვენ ერთობლივად გავაღვიძეთ. დიდი შრომა სჭირდება. რამდენიმე თვეა ამ სიმღერებზე ვმუშაობთ. ათი სიმღერა გვაქვს უკვე მზად. რაღაც სიახლე თუ არ შემატე ქართულ შოუბიზნესს, ისე არაფერი გამოვა. მინდა ამ პროექტმა თავისი ნიშა დაიკავოს. გაყიდვადი უნდა იყო, სხვის იმედად ვერ იქნები, თვითონ უნდა გააკეთო რაღაც ახალი. სახელმწიფო პროდუქციას რომ ნახავს, მერე აუცილებლად მოგეხმარება. მე მჯერა, ეს ჩვენი ახალი პროდუქტი გაიყიდება. ქართული ტემპიანი სიმღერები ახალი სტილით შეიძლება გაკეთდეს. რასაც ვმღეროდით - მე და მამუკა ჩარკვიანი, მე და ლიზა ბაგრატიონი, მე და ნატო, იმას ბრაზილიურ ლათინურ რიტმში ვაკეთებთ. ახლა ეს ორი დუეტი - ჩემი და ლიზას და ჩემი და მამუკას სიმღერები მაქვს გაკეთებული. გაუხარდებათ ამ კონცერტში მონაწილეობა. ჩემმა კოლეგებმა ჯერ არ იციან, ამ ინტერვიუდან შეიტყობენ ამ კონცერტის შესახებ. აი, ასე... სიახლე თუ არ შემატე უკვე არსებულ სიმღერებს, ხალხიც დაიღალა, ისედაც დაძაბულია ცხოვრება.

ყველა ქართულ სიმღერას თავისი ადგილი აქვს. ჩვენი სიმღერები იქნება კლუბური. პირველ ორ ტაქტზე ვერც მიხვდებით, რომელი სიმღერაა. სულ მარაკასებით და შეიკერებით ვქმნით განწყობას. ოთხი გიტარა, პერკუსია, ტამტამი, ექვსი ბიჭი და მე. რომ მოუსმენთ ფეხზე ადგომა, ხელის გაშლა და ერთმანეთის მოსიყვარულება მოგინდებათ. ამ ყველაფერს სიყვარულისთვის, ზაფხულისთვის, ზღვისთვის ვაკეთებთ.

თბილისზე ოთხი სიმღერა გვაქვს ახლებური არანჟირებით გაკეთებული. გიორგი ცაბაძის, ეთერ ჭელიძის, ოთარ რამიშვილის, ნუნუ დუღაშვილის. მე ეს ქალაქი მიყვარს და ამ ქალაქზე მემღერება. კახა ცაბაძესთან კი ვმეგობრობ, მაგრამ საქმის კურსში უნდა ჩავაყენო, რომ ახალი ჟღერადობით გაიჟღერს მამამისის მუსიკა. ცაბაძე ყოველთვის ცაბაძეა. ეს სიმღერა ამ ჟანრში პირველად მოხვდება. გვაქვს პოპურები.

მინდა გითხრათ, რომ ბოსანოვა ქართულ მუსიკაზე კარგად მიდის. ეს ქართველი კომპოზიტორები ნოვატორები იყვნენ. ისეთი ჯაზური აკორდები აქვთ, რომელიც ყველაფერზე მიდის, კლასიკაა. ყველა ჟანრში შეიძლება შეასრულო, თანაც ისე, რომ ჰარმონია არ იცვლება.

შვიდი შარვალი და ერთი ჩითის კაბა

მთელი ამ ახალი რეპერტუარის არანჟირებას მუსიკოსი მაია ჯორჯაძე აკეთებს, გიოს ცოლი. როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას ქმარს. შეწყობილად მუშაობენ. სცენაზეც არა ერთი დუეტი შეუსრულებიათ. "შვიდი შარვალი და ერთი ჩითის კაბა ვართ :) ახლა კლავიშს, "კორგს" ვყიდულობთ მაიკოსთვის და შეიძლება კონცერტებზე ისიც დაგვემატოს", - ამბობს გიო.

მაია ჯორჯაძე: "ეს პროექტი უცხო გამოვიდა. არ არის მოსაბეზრებელი რეპერტუარი. მგონია, რომ გაამართლებს. ბენდია საინტერესო. სულ დავდიოდით იმ კლუბში, სადაც ისინი უკრავდნენ. ნამდვილად კარგი სინთეზი გამოდის".

16 აგვისტოს "სოჰო ლაუნჯში" საღამო გიოს ოთხი სიმღერით დაიწყება, მერე ბენდი თავის ოთხ კომპოზიციას შეასრულებს და მერე უკვე ახალი პროექტით წარსდგებიან მსმენელის წინაშე. საღამო საათ-ნახევარი გაგრძელდება. "აჭარა ბეთი" (ჩემი მეგობრები არიან) პრინტებით და ღუზებით მაისურებს გვიკეთებენ და ამ მაისურებით ვიქნებით", - ამბობს გიო.

შესაძლოა ამ საღამოს ზუკამაც იმღეროს. ახალი არანჟირება "ჩიორა ჩიტოსაც" უკეთდება. ზუკა კალიფორნიაში სწავლობს, სოციოლოგიურ ფაკულტეტზე. "იქ ბევრ ხალხს ვამღერებთ. ცოცხალი სიმღერა სულ სხვა რამაა".

ბენდი

პაატა ილურიძე, პერკუსიო: "ლათინო ბოის ბენდს" სულ ჰქონდა ქართული სიმღერების გაკეთების იდეა. მერე გიომ მოგვისმინა და ჩვენგან დამოუკიდებლად გაუჩნდა ამ პროექტის გაკეთების იდეა, იდეები გავცვალეთ და ასე დავქოქეთ".

ირაკლი კაპანაძე, აკუსტიკური გიტარა: "კარგია და სასიამოვნოა გიოსთან მუშაობა. მასთან ერთად სიმღერას ქართული ეშხი აქვს. ლათინური მუსიკა ჩვენს სისხლში დუღს. გიომ ჩვენი გადმოქართულება მოინდომა და სიხარულით შევხვდით. ლამაზი გამოვიდა სინთეზი".

რამაზ ქიმერიძე, გიტარა: "ქართულ სიმღერას ულამაზესი ჰარმონია აქვს და უხდება ყველა მუსიკას. ეს სიმღერები ქართველ მსმენელს მოეწონება. მშვენიერი საღამო გამოვა".

შერმადინ კაპანაძე, ტამტამი: "ქართული, ქალაქური და ლათინური მუსიკის შერწყმა ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა, გიოს იდეაა და მომწონს. ძალიან კარგი შერწყმა გამოვიდა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ აიტაცებს ხალხი. ტამტამზე და აკუსტიკურ გიტარებზე ბევრი სიმღერის გაკეთება შეიძლება. მე მგონი არა მხოლოდ ქართული სიმღერებით შემოვიფარგლებით".

გეგმები

გიო ხუციშვილი: "სექტემბერში ყაზბეგში "რუმს ჰოტელში" ტერასაზე გვინდა ერთი საღამოს მოწყობა. სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში კი "ივენთ ჰოლში" ვგეგმავთ სოლო კონცერტის გაკეთებას. ასევე იგეგმება შარდენზე "ელ ცენტროში" ერთი ლამაზი საღამო, მთაწმინდის რესტორანში... თვეში ორ ახალ სიმღერას სულ მივამატებთ რეპერტუარს.

გვინდა კულტურის სამინისტროს, ყველა დიპლომატიურ კორპუსს ვაჩვენოთ ჩვენი პროექტი, მერე კი უკრაინაში გავიტანოთ. შეიძლება სხვაგანაც - აზერბაიჯანში, სომხეთში. ეს მუსიკა ყველასთვის არის. ახალ წლამდე დიდი პროექტები გვაქვს".

სპორტის სასახლე

რვა თვეა სპორტის სასახლის დირექტორია. მისი გამოცვლილი სამსახურების სია დიდია - ყოფილა გამგებლის მოადგილე, უმუშავია საბაჟოზე, ღვინის კომპანიაში, თავდაცვის სამინისტროში... ყველა ამ სამსახურს კი სიმღერა ლაიტმოტივად მოჰყვება. "სიახლეებს მუდმივად ვეძებ. მიყვარს სპორტის სასახლის შენობა, თბილისის სავიზიტო ბარათია. მთელი ბავშვობა მესმოდა - სად შევხვდეთ? სპორტის სასახლესთან, თბილისია რაა. აქ სულ გამოჩენილი ხალხი იყო დირექტორები. ჩემთვის პრესტიჟული და საამაყოა სპორტის სასახლის დირექტორობა. გულით ვეპყრობი ამ საქმეს. ბევრი რამ გავაკეთეთ. კიდევ ბევრ სპორტულ ღონისძიებას ვგეგმავთ. სერიოზულ ტურნირებს ვუმასპინძლეთ. თავი გამოვიჩინეთ. სექტემბრიდან ბევრ სიახლეს ველოდებით. საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება და ძირითადი დატვირთვა სპორტის სასახლეზე იქნება. ვემზადებით. აქ მრავალფეროვანი ცხოვრებაა".

"ეს ასაკთან ბრძოლაც არის და მეორე სიცოცხლეც"

- გიო, რა ასაკია მამაკაცისთვის 50 წელი?

- 20 წლის წინ როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ, არაფერი შეცვლილა. გავხდი, გოგოებს ისევ ვეპრანჭები და ისევ იგივე "დუხზე" ვარ, როგორც ყოველთვის ვიყავი. 13 კილო დავიკელი, კიდევ ხუთი კილოს დაკლებას ვაპირებ. სცენაზე ვიზუალი საჭიროა. მინდა ფორმაში ვიყო, ბევრი ხტუნაობა მომიწევს. განსხვავებული ქართული ბენდი მყავს, ჭარბწონიანების და მოჭიდავეების. რომ შემოგვხედავენ, ვერ წარმოიდგენენ ასეთ რიტმში თუ შეგვეძლება დაკვრა და სიმღერა.

- ასაკს ბრძოლა გამოუცხადეთ?

- კი, ეს ასაკთან ბრძოლაც არის და მეორე სიცოცხლეც.

კულტურა  |  ორშაბათი, 29 ივლ 2013 17:44
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

no_banner