no_bannerno_banner

"კვალიაშვილების ოჯახი" - კამერულ ორკესტრად შეკრული ოჯახის ისტორია

კვალიაშვილების ოჯახი"კვალიაშვილების ოჯახი" - ასე იცნობს მათ გარკვეული საზოგადოება. ეს მუსიკალური ოჯახია, სადაც ექვსი შვილია და ექვსივე მუსიკოსი. ოჯახის უფროსი კომპოზიტორია. გიორგი კვალიაშვილი ლექსების ავტორიც არის. ნინო ბერიანიძე ავტორ-შემსრულებელია.

ღმერთმა მუსიკის ნიჭი და სიყვარული მშობლებისგან შვილებს გადასცა. და ოჯახში სულ მუსიკა ისმის, ბევრი მუსიკა... ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ექვსივე შვილი სხვადასხვა ინსტრუმენტს ფლობს. ეს კამერულ ორკესტრად შეკრული ოჯახის ისტორიაა. საოცარ სანახაობას ქმნის დედისა და და-ძმების ერთობლიობა სცენაზე. 5 აგვისტოს კვალიაშვილებმა წიგნ "გმირის" მესამე ნაწილის პრეზენტაციაზე რამდენიმე კომპოზიცია დაუკრეს. არაჩვეულებრივი ფონი შექმნეს. მუსიკის ჯადოსნურობაში დასარწმუნებლად კლასიკური მუსიკის მოსმენა საკმარისია. მაგრამ როცა ამ ჯადოსნურ სამყაროში ერთი ოჯახის ანსამბლს შეჰყავხარ, სულ სხვა ემოციასაც გძენს. ინსტრუმენტებით ჰარმონიას ბავშვების თვალებით საუბარიც ერთვის თან. ესეც ჯადოსნურია... კვალიაშვილებს 15 წლის მანძილზე 7 ალბომის მასალა დაუგროვდათ, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გამოსცეს. მათი რეპერტუარი საკმაოდ ჭრელი და ფართოა. კლასიკის გარდა ასრულებენ ხალხურ სიმღერებს, ფოლკლორს, აქვთ კარატისა და ქორეოგრაფიის ნომრები... დისკების გარდა ეს ერთი მასშტაბური პროექტის პროგრამაც არის. ნინო ბერიანიძეს კულტურის სამინისტროსთან წინადადება აქვს, თანამშრომლობა სურს...

პატარა საქართველო ერთ ოჯახში

80-იან წლების ბოლოს, როგორც ავტორ-შემსრულებელი, ნინო ბერიანიძე ფილარმონიის სოლისტი იყო. მეუღლესთან ერთად დაწერილი აქვს ათეულობით სიმღერა. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან ექვსი შვილი. სახლში პატარა საქართველო მაქვს, სხვადასხვა ამბიციებითა და მიმართულებებითო, ხუმრობს... 23 წლის ოჯახი ვაკეში ცხოვრობს, პაპის დანატოვარ აგურის სახლში. "ჩვენი სახლი გარედან მტერს უფსებს თვალს, შიგნით მოყვარეს. ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ, ყოველდღიური ყოფა და რუტინა ძალიან რთულია". "კვალიაშვილების ოჯახი" ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებს მართავს. ბავშვები პედაგოგებსაც საჭიროებენ და ინსტრუმენტების გამოცვლასაც, მაგრამ... ასეთი მრავალშვილიანი ოჯახი სრულიად უყურადღებოდ არის მიტოვებული. დედა იმედს არ კარგავს. ბენდის სახელზეც ფიქრობს, ერთი ვერსიაა "კვალი", გვარიდან გამომდინარე.

უნივერსიტეტის სცენიდან

ნინო ბერიანიძე: "ფილოლოგი ვარ. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ პარალელურად უნივერსიტეტის სცენაზე ვატარებდი ამ ხუთ წელს. ცნობილი კურსი გვქონდა. ბევრი ვმღეროდით, ნიჭიერი ბავშვების თაიგული იყო. ლია ხორბალაძე, ხათუნა დონდუა, ნინო დათუკიშვილი, გია ნიკოლაძე ("ნიკოლშოუ"), რეზო კიკნაძე, ნანა კალანდაძე, ზურა გოშაძე, მიშა ჩიკვილაძე - ერთად ვიყავით თავმოყრილი. სულ სიმღერა და ტაშ-ფანდური გვქონდა, სანახევროდ სცენაზე ვიყავით. "ჩაის სახლი" მაშინ კლუბივით იყო. გიტარა გადაკიდებული დავდიოდი...

მე და ჩემი მეუღლე, გიორგი კვალიაშვილი უნივერისტეტში დავმეგობრდით. სულ ერთად ვიყავით. არაჩვეულებრივი სიმღერების და ლექსების ავტორია. გიორგის ტექსტზე ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი. არის ისეთი სიმღერები, რომელსაც გიორგიმ მერე დაუწერა ტექსტები. საერთო ტექსტი და საერთო მუსიკაც გვაქვს. რუტინის გამო დღეს ნაკლებად ვიცლით სიმღერების დასაწერად. ყველაზე დიდი სიხარული მაინც მუსიკაა ჩვენთვის. საოცარი სამყაროა... ჩემი სიმღერებიდან? გამოვარჩევდი "ბედუინს". დავჯექი და პირდაპირ დავუკარი. გიორგიმ მეორე დილას ტექსტი მომიტანა. არ ვტრაბახობ, ეს სიმღერა შედევრია. ამას ყველა აღიარებს. ბევრი სიმღერა გვაქვს ისეთი, რომელიც არ ჩაგვიწერია, არსად გაჟღერებულა.

შარშან "ბრავო რეკორდსმა" თამთა ცხვიტავას დისკისთვის შემიკვეთა სიმღერა. დავუწერე "შემოდგომის ტანგო". დისკში შევიდა სახელით "ტანგო" და ცოტა გავნაწყენდი".

"ასე აღმოვჩნდით ბორტს მიღმა"

"მინდა ეს ისტორია მოგიყვეთ. "ნიჭიერის" რეკლამები რომ დაიწყო, ძველი ბრაზი ისევ მომერია. ჩვენი ისტორია გამახსენდა და მინდა ეს თემა ისევ ამოვატივტივო. "ნიჭიერის" მეორე სეზონზე გავედით და სრული ფურორი მოვახდინეთ. გიორგი წინაააღმდეგი იყო, არც ბავშვები იყვნენ დიდად აღფრთოვანებული. მე კიდევ "ნიჭიერში" გამოჩენა ბავშვების რეკლამისთვის მინდოდა. პროდიუსერებმა გვითხრეს, პროექტში ასეთი რამ არ გვქონია. გვყავს ოქრო და ვერცხლი, მაგრამ თქვენ ბრილიანტი ხართო. გადავედით კი არა, "გადავჯლიგინდით" შემდეგ ტურზე. სამი "კი", დარბაზი ფეხზე ადგა და დიდი კომპლიმენტებით გავიარეთ კასტინგის პირველი ტური. ჩვენი გამოსვლა ტელევიზიით რომ უნდა გასულიყო (ანონსში მთელი კვირა ვიტრიალეთ) და ორშაბათს ნახევარი საქართველო რომ გველოდებოდა, გადაცემაში აღარ გაგვიშვეს. საღამოს ექვს საათზე სახლში დამირეკა ვიღაც ქალმა, სოციოლოგიური გამოკვლევის მსგავსი თემით და პოლიტიკური შეკითხვები დამისვა. მე ღიად ვპასუხობდი. ყველამ იცოდა, რომ მაშინ ოპოზიციონერი ვიყავი. არ მომწონდა გარშემო არსებული სიტუაცია... თქვენ ხომ "ქართული დარბაზის" წევრი ბრძანდებოდითო, მითხრა ამ ქალმა. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის დაარსებული არაპოლიტიკური ორგანიზაცია, ინტელექტუალთა კლუბი, სადაც წლების წინ, ჩემ მეგობრებთან ერთად, გავერთიანდი. ჩვენი ეთერში არ გასვლის მიზეზად საოცარი ფრაზა დამისახელეს, "ძალიან კარგი გამოსვლა გქონდათ, მაგრამ ტექნიკური წუნი აქვს და ვერ გავუშვებთო". როგორც ჩანს, ჩემი პასუხები გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენ ამ შოუში არ გამოვჩენილიყავით. ვანო ჯავახიშვილი თავჯაღუნული იჯდა, ბოლოს, ძლივს თქვა - "თქვენ ვერ გადახვედითო". მეგონა, ხუმრობდა. მაგრამ აშკარად არ ეღიმებოდა. აჭრილი იყო. "მართლა-მეთქი?" - მეც ვცადე "ხუმრობით" მეკითხა. თავი ჩაქინდრა, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. ბავშვებს ვერ გადავხედე. მათი სახე რომ დამენახა, ცუდად გავხდებოდი... ვერ გადავიტანდი. ისედაც ვგძნობდი, რომ გაფითრდნენ... აი, ასე აღმოვჩნდით ბორტს მიღმა. საერთოდ, ძალიან აქტიური და ემოციური ადამიანი ვარ. ყველგან გამოვდიოდი, სულ წინა ხაზზე ვიყავი და მაფიქსირებდნენ. გაშიფრული ვიყავი და სამაგიერო ჩემს ოჯახზე მწარედ გადამიხადეს. 9 აპრილსაც შემთხვევით გადავრჩი. მეზობელმა მთხოვა ნემსის გაკეთება, ღამის სამ საათზე უნდა გამეკეთებინა და მიტინგიდან იმ დროისთვის მივედი სახლში. ასე უნებურად გადავარჩინე საკუთარი თავი, თორემ იქ შევაკვდებოდი".

წალკის საქველმოქმედო კონცერტები

უფროსი ქალიშვილი თიკო ფლეიტაზე უკრავს, რუსუდანი მევიოლინეა, სალომე ჰობოისტი, მირიანი ჩელოზე უკრავს, ია - ვიოლინოზე, გიგო - ფლეიტაზე.

სალომე საქართველოს ნაკრების წევრია კარატეში. შვეიცარიაში ევროპის ჩემპიონატზეც იყო. შავი ქამარი აქვს. შავი ქამრის მფლობელია მირიანიც, კარატეზე დადიან იაც და გიგოც.

ნინო ბერიანიძე: "წალკაში ცხრა წელი ვცხოვრობდით. გიორგი იქ მუშაობდა, გამგებელი იყო. ჩავედით ორი შვილით და ექვსით დავბრუნდით უკან. სერიოზულ ემიგრაციაში ვიყავით. იქ ქართველი არ ცხოვრობდა. რა უნდა გვეკეთებინა, ისედაც მუსიკის გარეშე არ შემიძლია. ამიტომ ფორტეპიანოსა და გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდით. იქ დაიწერა ბევრი სიმღერა. რთული პერიოდი იყო და მუსიკამ და ბავშვებთან ურთიერთობამ გადამატანინა. აზროვნება რომ დაიწყეს და მივხვდი, მუსიკალური მონაცემების ბავშვები იყვნენ, სადილზე და ვახშამზე დასხდომისას მეუღლესთან ვიწყებდი საუბარს - გიორგი, მოდი, წავიდეთ თბილისში; ბავშვებს მუსიკალური განათლება უნდა მივცეთ, თორემ დანაშაული იქნება-მეთქი. მათში ზუსტად იმ ინსტრუმენტალისტს ვხედავდი, რომელსაც მომავალში დაეუფლნენ, ეს ჩელისტი იქნება, ის ჰობოისტი, ეს მევიოლინე-მეთქი... წალკაში თავს რითი ვირთობდით - საღამოების მოწყობა დავიწყეთ. ჩემი მეგობრები სულ ჩამოდიოდნენ. ზაფხული ისე არ დამთავრდებოდა, ერთი დიდი კონცერტი რომ არ ჩაგვეტარებინა. ჯერ სახლიდან დავიწყეთ. თოჯინების თეატრი, ბალეტი, ცეკვა, სიმღერა - ყველაფერი გვქონდა... კონცერტში ვრთავდით სტუმრებსაც. ვახალისებდით სამეზობლოს. მერე მასშტაბები გაიზარდა და გადავედით ეზოში. ბოლოს კი დარბაზებში გადავინაცვლეთ. პირველი საქველმოქმედო კონცერტი ფანტასტიკური გამოვიდა. ბავშვები კამერულ ნომრებს ასრულებდნენ, გვქონდა ცეკვები, სახუმარო ნომრები. ვახო კობახიძე - წალკაში უძლიერესი ვოკალისტია. საქართველოში რატომ არ ჩანს, არ ვიცი. საოცრად მღერის. მან დაასრულა საღამო სიმღერით - "შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო". საპატრიარქოს არხს არ ჰქონდა ანტენა. მრევლში ფული იკრიბებოდა და ამას დავუკავშირეთ ჩვენი საქველმოქმედო კონცერტიც. ფული შემოვიდა. გადაირია ხალხი, ფილარმონიაში არ მიგვიღია ასეთი სიამოვნებაო. კიდევ სხვა საქველმოქმედო კონცერტები გავაკეთეთ. მერე უკვე თბილისშიც გავაგრძელეთ... სულ შვიდი საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს გაკეთებული. სხვის კონცერტებშიც მიგვიღია მონაწილეობა.

გიორგის დიდ პატივს სცემდნენ, ედუარდ შევარდნაძე მადლობების წერილებს უძღვნიდა. გიორგის თხოვნით 17 ბავშვისთვის გაგვახსნევინა ლევან მამალაძემ (გუბერნატორი იყო) ქართული სკოლა. არ შეიძლებოდა, მაგრამ ლევანმა გიორგის განცხადება დააკმაყოფილა. დღეს 600-ზე მეტი ქართველი ბავშვია ამ სკოლაში. იმ სკოლის და გახსნა ქართველების წალკაში დაძვრა ერთი იყო".

კვალიაშვილები

"2002 წელს ჩამოვედით თბილისში. ბავშვები მეექვსე გერმანულ სკოლაში შევიყვანეთ. იქ ვალერი ქუტიძეს ჰქონდა მუსიკალური წრე და მაშინ ბავშვებმა იმხელა რეპერტუარი შექმნეს, მისი მადლობელი ვარ. რუსუდანი გვიან მივიყვანეთ ვიოლინოზე, დაგვიანებული იყო. თან მაგარი ხელი აქვს. ვიოლინოს რბილი მტევანი უნდა. პედაგოგმა დიდი ენერგია ჩადო მასში. პაატა ჭანტურიშვილი ამზადებს რუსუდანსა და გიგოს, ლილი ხუჯაძესთან ია დადის, ჩელოზე ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი ამზადებს მირიანს, გოგი ბერიძე სალომეს პედაგოგია. გაგვიმართლა პედაგოგებში", - ამბობს ნინო.

მირიან კვალიაშვილი: "მე შვიდი წელია ჩელოზე ვუკრავ, ათი წლის ასაკიდან. კონცერტის წინ ერთად ვიკრიბებით და ვრეპეტიციობთ". 

სალომე კვალიაშვილი: "მე ჰობოიზე ვუკრავ. 8 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, შენ ჰობოიზე უნდა დაუკრაო. ბლოგფლეიტამ ფილტვები გამიძლიერა. სამ წელში გადავედი ჰობოიზე. მიჩვევა გამიჭირდა. კაცური საკრავია, მაგრამ ბევრმა გოგომ დაიწყო დაკვრა. ყველაზე ლამაზი ბგერა აქვს. მიხარია, რომ ჯანსუღ კახიძის სახელობის სახლემწიფო ორკესტრში სტაჟორად ამიყვანეს. რაც შეეხება ერთად შეკრებას, იშვიათად გვიწევს ხოლმე. ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს. განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთად დაკვრა გვიწევს. ჩემი და - რუსუდანი ჩვენი ერთად შემკრებია".

რუსუდან კვალიაშვილი: "მეთორმეტე წელია ვიოლინოზე და ალტზე ვუკრავ. ფატალური სიყვარული არ მაქვს, ვიოლინოს არ ვკოცნი. ბავშვობაში სულ ვამბობდი, ლიანა ისაკაძეს უნდა ვაჯობო-მეთქი. მარტო ჟინი არ არის საკმარისი, სხვანაირი ხელებია საჭირო. მე სოლო მევიოლინეს ხელები არ მაქვს, უფრო საორკესტროსი. სცენის შიში მაქვს. კონკურსებში არ ვმონაწილეობ. მუსიკალური პროგრამით გერმანიში ვიყავი. წელიწად-ნახევრის შემდეგ კონსერვატორიაში ვაპირებ ჩაბარებას".

ნინო ბერიანიძე: "საბინაო პირობები გვაქვს ცუდი. გარედან ისეთი კარგი სახლია, შოკში ვარდებიან. პაპას აშენებულია, ისტორიული სახლია. მაგრამ ძალიან ვიწროდ ვართ. ჩვენ პირველ სართულზე ვართ, ზემოთ მაზლის ოჯახი ცხოვრობს. ბავშვებს ერთ ოთახში სძინავთ, ერთ ოთახში მეცადინეობენ, კიდევ ერთი პატარა ოთახიც გვაქვს, 8 კვადრატული ფართის. სამაგიეროდ ეზო გვაქვს არაჩვეულებრივი. ჩემი ხელით გავაშენე ბაღი. მებაღეობა ჩემი მეორე პროფესიაა. წალკაშიც კარგი ბაღი მქონდა. გამგებლის ცოლობა არაფერზე მეტყობოდა, თოხით, ბარით, ცელით, ფოცხით დავდიოდი. საოცრად მამშვიდებს ეს საქმე. ყოფით პრობლემებს ბევრი ენერგია მიაქვს. მრავალშვილიანებს რუსეთშიც დიდი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენთან ახლა შეიქმნა მრავალშვილიანთა მხარდაჭერის ფონდი. ეს დიდი პრობლემაა. დახმარება კი არა, მამა-პაპის სახლის მიწას გვართმევდნენ. მამუკა ახვლედიანმა თავის თავზე აიღო და მოგვიხსნა ეს პრობლემა".

- დილა როგორია თქვენთან?

- სრული საგიჟეთი. ყველა სხვადასხვა მიმართულებით გადი-გამოდის.

"რაღაც უნდა გავაკეთო"

"მინდა კულტურის სამინისტროს დახმარებით პროექტი გავაკეთო. ასეთი შემადგენლობის ანსამბლი საქართველოში არ არის. და-ძმა დედასთან ერთად უკრავს და ასრულებს თან ხალხურს, თან კლასიკას, ჯაზს, საკუთარ სიმღერებს, ნომრად კარატეს ელემენტები გვაქვს ჩართული. მარტო საქარველოს მასშტაბით კი არა, სადაც გინდა წაიღე ეს პროგრამა, დიდი ფურორი მოჰყვება. ყველა ინსტრუმენტს უადვილესად ითვისებენ. გიგომ პაპას ნაქონი აკორდეონი ჩამოიღო და ისე კარგ რაღაცებს უკრავს, თან ისე, რომ არავის უსწავლებია. ნიჭით ითვისებს. ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, არ ვაზვიადებ და ერთ კვირაში ისწავლიან. პროფესიულად შეეძლებათ დაუკრან. პედაგოგებმა რამდენ ხანს უნდა მოგამზადონ უანგაროდ? იმიტომ მინდა პროექტის გაკეთება, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მინიმუმ სამი პედაგოგი ჰყავდეთ. ინსტრუმენტები ძვირი ღირს, ვერ ვიძენთ. ვიოლინო და ჩელო ათანელის ფონდმა გვაჩუქა, ჰობოი გერმანელმა მეგობარმა. ფლეიტა დაუპატარავდა გიგოს და გვჭირდება. იაკოსაც ნათხოვარი ინსტრუმენტი აქვს. ხემი და სიმები ძვირი ღირს. ასი დოლარია სიმების შეკვრა. ფლეიტას ყიდის თიკოს მეგობარი მესამედ ფასში, 700 დოლარად, მაგრამ არ გვაქვს და ვერ ვყიდულობთ. სამწუხაროდ, არც 70 დოლარი გვაქვს... ძნელია ყოფა. რაღაც უნდა გავაკეთო. ეს ჩემი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის. ამ ბენდის პროგრამა რომ გაკეთდეს, ჩვენ ქვეყანას ვასახელებთ. საზღვარგარეთ არის ოჯახური მუზიცირების ტრადიცია, მაგალითად, გერმანიაში. ოთხკაციანი, ხუთკაციანი ბენდები. მაგრამ და-ძმების ამხელა კამერული ორკესტრი - ბევრმა თქვა, რომ ჯერ არ გაუგიათ. ფანტასტიკური პროგრამის გაკეთება შეიძლება".

თამარ გონგაძე

კულტურა  |  შაბათი, 17 აგვ 2013 13:11
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

ბასა ფოცხიშვილი - "გიორგი ბერიძის გარეშე კლიპი არ გადამიღია, რადგანაც ...

კვარიათში დღეს კინო ოპერატორი გიორგი ბერიძე დაიხრჩო.

ვრცლად
no_banner