no_bannerno_banner

ფაქტები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ - გლდანი-ნაძალადევის მთავარი პროკურორი მკვლელობის დეტალები

2010 წელს ნარკოლოგიურ კლინიკა „ციტო+“-ში, რომელიც ელიტარულ ნარკობარად იყო ცნობილი, გლდანი-ნაძალადევის მთავარი პროკურორი პაატა ტყეშელაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას გულმკერდის ძვლები ჩამტვრეული ჰქონდა. სიკვდილის ადგილი და გარდაცვლილის თანამდებობა ერთმანეთთან ისეთ შეუსაბამობაში იყო, რომ საქმეს, არაოფიციალურად მაშინვე დაედო „გრიფით საიდუმლო“. ფაქტი მხოლოდ აქა-იქ გაჟღერდა და ისიც მცირე დოზით, დამატებითი მტკიცებულებებისა და დეტალების ანალიზის გარეშე, თუმცა ვერსია, რომ სინამდვილეში პროკურორი მოკლეს, მაშინვე გაჩნდა და არცთუ ისე უსაბუთოდ. ამ საქმის ირგვლივ ჯერაც ბევრი კითხვის ნიშანია, ის ადამიანები კი, ვინც პირდაპირ და არაპირდაპირ დამნაშავეებად იკვეთებიან, ისევ თავისუფლები არიან. დაპატიმრებულია ერთადერთი ადამიანი – „ციტო+“-ის ხელმძღვანელი ავთანდილ გულიაშვილი, რომლის სახელიც არაერთ ნარკოსკანდალსა და გარდაცვლილ პაციენტს უკავშირდება.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტური გამოძიების დეპარტამენტი გთავაზობთ ბოლო დროის ყველაზე სკანდალური მკვლელობის დეტალებს, ყველა უტყუარი მტკიცებულებითა და დოკუმენტით, რომლის შესახებაც აქამდე არც კი გსმენიათ.

საქმე საკმაოდ რთული და ჩახლართულია, ამიტომაც მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, საქმეს თანამიმდევრულად გაგაცნობთ.

 

მკვლელობა ნარკოლოგიურ კლინიკაში

 გლდანი-ნაძალადევის მოქმედი პროკურორი პაატა ტყეშელაშვილი 2010 წლის 4 ივნისს დეპრესიისგან განსაკურნებლად კლინიკა „ციტო+“-ში მოათავსეს, 2010 წლის 7 ივნისს კი იმავე კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დასკვნაში წერია, რომ პაციენტი პაატა ტყეშელაშვილი მოთავსდა ნარკოლოგიურ კლინიკა „ციტო+“-ში , დეპრესიის სამკურნალოდ. მდგომარეობიდან გამოსაყვანად ექიმებმა გადაწყვიტეს, ის ღრმა ნარკოზულ ძილში შეეყვანათ, თუმცა მისი უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. სამი დღის ძილის შემდეგ პაატა ტყეშელაშვილი მიოკარდიული ინფარქტით გარდაიცვალა. საერთოდ, ეს მეთოდი ნამდვილად გამოიყენება ნარკოლოგიური ან ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე განვითრებული დეპრესიის სამკურნალოდ. თუმცა პაციენტის მკურნალობისას შეცდომები იყო დაშვებული. კერძოდ კი, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით ავადმყოფს წინასწარ უნდა ჩატარებოდა სხვადასხვა სახის გამოკვლევები. მაგალითად, არ იყო გადაღებული რენტგენი, არ იყო გამოკვლეული ღვიძლის ფუნქციები. გარდა ამისა, თუ არ იყო ოფიციალურად დადასტურებული, რომ პაციენტს ჰქონდა ნარკოტიკული დეპრესია, მაშინ გამოყენებული პრეპარატების დოზები მისთვის დასაშვებზე მეტი იყო. ასევე ხანგრძლივი ძილის დროს პაციენტს არ უტარდებოდა კარდიომონიტორინგი, სისხლში გაზების შემცველობისა და სხვა სავალდებულო პარამეტრების კვლევა. წამლები გაკეთებული იყო ვენაში, მაშინ, როდესაც გულის ღრუში უნდა შეეყვანათ. კლინიკაში ნაპოვნია ვადაგასული ამპულები, ანუ ჩნდება ეჭვი, რომ მათ პაციენტის სამკურნალოდ იყენებდნენ. კლინიკაში ჰქონდათ ექსპლუატაციისთვის უვარგისი სხვადასხვა სამედიცინო აპარატები, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ბოლოს პაციენტს ჩატეხილი ჰქონდა მკერდის ძვალი, რაც, სავარაუდოდ, გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს მოხდა. თუმცა რეალურად ასეთი მასაჟის დროს ძვლების ჩამტვრევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა პაციენტს ძვლების ავადმყოფობა აქვს, ან მოხუცია.

ჯანდაცვის სამინისტროს მოკვლევის თანახმად, სამკურნალო პრეპარატები განთავსებული იყო სხვადასხვა განყოფილებებში უწესრიგოდ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით. ინახებოდა ვადაგასული, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. გარდაცვლილი პაციენტის პალატაში ნაპოვნი იყო ვადაგასული ნატრიუმის ბიოკარბონატისა და ადრენალინის ამპულები, ასევე ხის ყუთში 1997-99 წლებში ვადაგასული ნარკოტიკული საშუალებების „ტრამალისა“ და „პენტაზოცინის“ ცარიელი ამპულები.

გარდა ამისა, თავად ექიმი გულიაშვილი ლიცენზირებული იყო სპეციალობა ანესთეზიოლოგიაში და მის მიერ ფსიქიატრიული პროფილის პაციენტის მკურნალობა უკანონო საექიმო საქმიანობაა.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაატა ტყეშელაშვილს გადაუსხეს 34 ლიტრი სითხე, ყოველგვარი შესვენებისა და კვების გარეშე. თუ გავითვალისწინებთ იმ კოქტეილის შემადგენლობას, რომელიც მას ორგანიზმში შეუყვანეს, ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა. „კოქტეილში შედიოდა ვადაგასული წამლები, ასევე 18 ამპულა „გომკი“ და 6 ფლაკონი „თეოფენტალი“. სპეციალისტების განმარტებით, ეს სასიკვდილო დოზაა.

 

რატომ მკურნალობდა არალიცენზირებული ნარკოლოგი გულიაშვილი ნარკომანებს?

 ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „ციტო+“-ს, როგორც კლინიკას, ლიცენზია ჰქონდა მხოლოდ ნარკოლოგიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელი იყო იქ არანარკოლოგიური პაციენტების მკურნალობა. ნონსენსი გახლდათ ის, რომ კლინიკა „ციტო+“ მუშაობდა მუდმივმოქმედი ნარკოლოგების გარეშე. აგრეთვე, გაუმართლებელი იყო მეთოდი, რომლითაც იქ ნარკომანებისა და ალკოჰოლიკების მკურნალობა მიმდინარეობდა. „ულტრასწრაფი დეტოქსიკაციის“ მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, მხოლოდ ოპიოიდებზე დამოკიდებული პაციენტების მკურნალობის მიზნით გამოიყენება, ისიც მხოლოდ გამოკვლევებისა და კომისიური გადაწყვეტილების შემდეგ. ალკოჰოლიზმის შემთხვევაში კი ამ მეთოდის გამოყენება საერთოდ დაუშვებელია. ასევე, დაუშვებელია ვადაგასული, ვადიანი, სავსე და ცარიელი ამპულების ერთმანეთში არევა.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ პაციენტ პაატა ტყეშელაშვილს იმ სამოცდაათი საათის განმავლობაში, როცა ეძინა, მუდმივად უკეთდებოდა სანარკოზე და ფსიქოტროპული საშუალებები: „ნატრიუმის თიოპენალტი“, „ნატრიუმის ოქსიბუტირატი“ და „დიაზეპექსი“. სხვა მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის გამოყენება კი ჩვენებების მიხედვით ურთიერთგამომრიცხავია.

რაც შეეხება „ციტო+“-ის დირექტორს ავთანდილ გულიაშვილს, გულიაშვილი გახლდათ მეხუთე საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი და არა ნარკოლოგი, მით უმეტეს, ნევროლოგი.

ლეილა ფანცულაია, მეხუთე საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექთანი: „ავთანდილ გულიაშვილი იყო ჩვენი ანესთეზიოლოგი და ის შეთავსებით მუშაობდა კობეშავიძის ნარკოლოგიურ კლინიკაში. მასთანავე, ჩემი ერთი ექთანი – ნანა ყაულაშვილიც მუშაობდა ამ კლინიკაში. როგორც ვიცი, ავთო გულიაშვილს იქ ახალგაზრდა ბიჭი მოუკვდა, რომელიც ნარკოკომაში მყოფი შეიყვანეს. ეს ექთანი და გულიაშვილი ხშირად ჩხუბობდნენ და ეს ქალი ამბობდა, რომ გულიაშვილს აქედან მიჰქონდა ნარკოლოგიურ კლინიკაში ბევრი რამე. შემდეგ გულიაშვილმა თვითონ გახსნა მარჯანიშვილზე ნარკოლოგიური კლინიკა, სადაც ისევ შემოაკვდა პაციენტი – პაატა ტყეშელაშვილი.

წარმოიდგინეთ, კერძო ნარკოლოგიური კლინიკა ჰქონდა გახსნილი ექიმ-ანესთეზიოლოგს. როცა ნარკოლოგი არ იყო და არ ჰქონდა უფლება, ნარკომანებისთვის ემკურნალა.

ის პარალელურად ჩვენთანაც მუშაობდა და თავისი ნარკოლოგიური კლინიკაც ჰქონდა. ჩვენგან გაჰქონდა ნარკოტიკები და ავადმყოფებსა და პაციენტებზე ყიდდა. ტარიელ მეშელიანის კაბინეტში იძინებდა და სულ მანდედან გაჰქონდა. ეს არის ამათი ჯაჭვი, ჯგუფი – სოსო პაპავა, მეშელიანი, აბუაშვილი და გულიაშვილი...“

ამბობენ, რომ „ციტო+“-ს ნარკომანების ღამის ბარადაც მოიხსენიებენ. მეხუთე საავადმყოფოდან მოპარულ ნარკოტიკებს გულიაშვილი სინამდვილეში პაციენტებზე ყიდდა. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ ნარკოტიკების შესაძენად „ციტო+“-ში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებიც დაიარებოდნენ. ამიტომაც პაციენტების ახლობლებს იქ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მისვლა აკრძალული ჰქონდათ.

სხვათა შორის, გულიაშვილს მართლაც აღმოაჩნდა სახლში, საძინებელში, გაუყიდავი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

 

 ლეგენდა გულიაშვილის სამკურნალო მეთოდებზე

 როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გლდანი-ნაძალადევის პროკურორის მკურნალობის ხელმძღვანელი ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილიც და ავთანდილ გულიაშვილიც მკურნალობის „უნიკალურ“ მეთოდებს მიმართავდნენ. ამ მეთოდებზე ლეგენდებს ყვებოდნენ.

გულიაშვილმა თავად უამბო გარდაცვლილის დედას, რომ ის წყალქვეშა ნავზე მუშაობდა და წამოსვლის წინ იქიდან ჯადოსნური, უნიკალური აპარატი მოიპარა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობდა. სწორედ ამ აპარატის საშუალებით განიკურნა თავადაც გემზე ყოფნის დროს ნევროზისგან და შემდეგ ეს აპარატი სპეციალურად წამოიღო საქართველოში, რომ „ნოვაცია“ სამშობლოშიც დაენერგა. თუმცა რეალურად კლინიკა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო – ელექტროგაყვანილობა დაზიანებული, სამედიცინო აპარატურა კი წყობიდან გამოსული. კლინიკაში ბევრი ექიმი კონტრაქტის გარეშე მუშაობდა და ხელფასს ხელზე იღებდა. სხვა საავადმყოფოს დამლაგებლები იქ ექთნობას ითავსებდნენ.

თუმცა ექიმებმა ავთანდილ გულიაშვილმა და გიორგი ჭეიშვილმა შეძლეს, დაერწმუნებინათ ტყეშელაშვილიცა და მისი ოჯახიც, რომ სამი დღით დააძინებდნენ და ამის შემდეგ ნევროზისგან სრულად განიკურნებოდა. პროცედურის დაწყების შემდეგ ოჯახის წევრებს იქ დარჩენა აუკრძალეს.

6 ივნისს პროკურორის სანახავად მისულ ოჯახის წევრებს პაატას მდგომარეობა არ მოეწონათ, ის მძიმედ სუნთქავდა და 34 გრადუს სიცხეში საბანში იყო გახვეული. როცა ამის შესახებ გულიაშვილს უთხრეს, მან თქვა, რომ კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა და სანერვიულო არაფერი იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პაატა ტყეშელაშვილი მესამე ადამიანი გახლდათ, ვინც ამ კლინიკაში „მკურნალობის“ დროს გარდაიცვალა. კლინიკა მანამდე ჩიტაიას ქუჩაზე ფუნქციონირებდა და პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევები იქაც ფიქსირდებოდა. ასევე, მოგვიანებით გაირკვა ის ფაქტი, რომ ანესთეზიოლოგი გულიაშვილი ნარკოტიკების მოპარვითა და რეალიზაციითაც ყოფილა დაკავებული.

 

როგორ მოხვდა რაიონის მთავარი პროკურორი ნარკოლოგიურ კლინიკაში და იყო თუ არა ეს დაკავშირებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან?

 პაატა ტყეშელაშვილი გარდაცვალების მომენტში გლდანი-ნაძალადევის მთვარი პროკურორი გახლდათ, მანამდე კი – ქალაქის პროკურორის პირველი მოადგილე. ცხადია, მისმა გარდაცვალებამ ნარკოლოგიურ კლინიკაში მაშინვე გამოიწვია ეჭვი, რომ ის ნარკომანი იყო, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახი და მეგობრები.

ოჯახის თქმით, 2008 წელს ტყეშელაშვილს უძილობა და ნევროზული მოვლენები დაეწყო, მუდამ უხასიათოდ იყო. ამას, ერთი მხრივ, მძიმე სამსახურს უკავშირებდა; ის საკმაოდ ბევრ სერიოზულ საქმეზე მუშაობდა, სადაც პრინციპების დაცვა დიდი რისკის ფასად უჯდებოდა.

მაგალითად, მას პრობლემები შეექმნა სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე, როცა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს იძიებდა, რომელსაც იმდროინდელ მილიციასთან შეკამათება მოუვიდა. მის ცხოვრებაში გაცილებით რთული საქმეებიც ბევრი იყო.

მეორე მხრივ კი, უხასიათობას აუწყობელ პირად ცხოვრებას აბრალებდა. მას თითქმის 20 წლის ასაკიდან უყვარდა ქალი, რომლის ცოლად შერთვას სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ახერხებდა, თუმცა არც დაშორება გამოსდიოდათ და ამ ფაქტს მტკივნეულად განიცდიდა. დახმარებისთვის ნაცნობ ექიმს – გიორგი ჭეიშვილს მიმართა, რომელიც იმავე სისტემაში მუშაობდა და სწორედ ის სახელდებოდა მის მკურნალ ექიმად. ახლა მუშაობს ღუდუშაურში, ფსიქონევროლოგიური განყოფილების უფროსად.

მაშინ კი ჭეიშვილი ექსპერტი იყო. თავისი ნევროზული მდგომარეობის შესახებ ტყეშელაშვილმა პირველად სწორედ მას გაუმხილა. ჭეიშვილმა მას ფსიქოტროპული წამლები გამოუწერა. ჭეიშვილი ნდობაში შევიდა ტყეშელაშვილთან და მის სახლში გამართულ სუფრებსაც ესწრებოდა. ერთ-ერთი ქეიფის დროს პროკურორის მეგობრებმა შენიშნეს, რომ პაატა თან კონიაკს სვამდა და თან რაღაც აბებსაც იღებდა და ამის გაკეთება დაუშალეს, თუმცა ტყეშელაშვილმა მოწმედ ჭეიშვილი მოიყვანა, რომ ეს ნამდვილად მისი გამოწერილი წამლები იყო და ისე მიღებაც შეიძლებოდა. ჭეიშვილი დაემოწმა, რომ ამ პრეპარატების მიღება სასმელთანაც შეიძლებოდა, რასაც პროკურორის მეგობრების გაღიზიანება მოჰყვა, – რაც შენთან ურთიერთობა დაიწყო, პაატას ვეღარ ვცნობთო. სიტუაცია კონფლიქტამდე მივიდა და ჭეიშვილი სახლიდან გააგდეს.

როგორც ოჯახი იხსენებს, ერთ დღესაც პაატა ტყეშელაშვილმა სახლში პრეპარატი „ლოროფენი“ მიიტანა, – საძილე საშუალებაა, ჭეიშვილმა გამომიწერაო. გადმოცემით პრეპარატი ძილში ისეთ შეგრძნებებს იწვევდა, თითქოს ადამიანი ღრუბლებში დაფრინავდა. თუმცა დადებითი ეფექტი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ პაციენტს ეწყებოდა შფოთვა, ეჭვიანობა და თვითმკვლელობის სურვილი. როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის ფსიქოტროპულ პრეპარატებს ჭეიშვილის ზედამხედველობის ქვეშ ტყეშელაშვილი ხშირად იღებდა. მისივე რეკომენდაციით, პერიოდულად, მკურნალობის კურსს გადიოდა სხვადასხვა კლინიკებში.

მათ შორის იყო კლინიკა „მენტალ ვიტა“, სადაც მარი გეგელაშვილი, ოკრობელაშვილი და სიხარულიძე მუშაობდნენ და სადაც ტყეშელაშვილის დედას უთხრეს, რომ მის შვილს მოურჩენელი ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. თუმცა გარეგნულად მას ამის ნიშნები არ ეტყობოდა. აქ დასმულ დიაგნოზს ადასტურებდნენ ექიმები კენჭაძე და ჭეიშვილი. მათ დიაგნოზი ფრიდონ თოდუას კლინიკაში გადაღებული ენცეფალოგრამის მიხედვით დასვეს, თუმცა თვითონ თოდუა ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ შიდა ქალის წნევა ჰქონდა. ამიტომაც ოჯახი ყველა ამ ექიმის საექიმო საქმიანობის შესწავლას მოითხოვს.

რამდენიმეჯერ პაატა ტყეშელაშვილმა კონსულტაცია გაიარა ფსიქიატრ დავით ზურაბიშვილთან, რომელმაც უთხრა, რომ ეს ყველაფერი გადახრის ბრალი იყო და ვალერიანსა და სხვა მსგავს მცენარეულ დამამშვიდებლებს უწერდა. ჩვენ ვცადეთ ამ ინფორმაციის დავით ზურაბიშვილთან გადამოწმება, თუმცა უშედეგოდ.

„ღმერთმა აცხონოს, მაგრამ ამისთანა ადამიანს, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროკურორს მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა სამინისტროს ხარჯზე ავსტრიაში მკურნალობა შესთავაზა, თუმცა ჭეიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, ის ავსტრიის ნაცვლად კიევში გაემგზავრა შოკური თერაპიით სამკურნალოდ, მაგრამ მკურნალობა არ დაასრულა. უთქვამს, რომ შედეგი პრაქტიკულად არ ჰქონდა და ამიტომაც დაბრუნდა უკან.

გარკვეული დროის შემდეგ პაატა ტყეშელაშვილი იმყოფებოდა კლინიკა „სინოკურშიც“, რომელიც ასევე ჭეიშვილსა და მარი გეგელაშვილს ეკუთვნოდათ. თუმცა იქ ტყეშელაშვილი არა საკუთარი, არამედ კანდელაკის გვარით იყო გატარებული. ამ მეთოდს ხშირად იყენებდნენ თანამდებობის პირების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

გიორგი ჭეიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ პროკურორ ტყეშელაშვილს „ციტო+“-ში დაწვენამდე ორი დღით ადრე, 1-ელ ივნისს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ამიტომაც მიიღო ზომები, რომ კლინიკაში დაეწვინათ.

2 ივნისს, ღამის 11 საათზე, ჭეიშვილი მართლაც იმყოფებოდა ტყეშელაშვილების ბინაში და პროკურორის ოთახიდან გაბრაზებული გამოვარდა. ცოტა ხნის შემდეგ პაატა ტყეშელაშვილმა მშობლებს შესჩივლა, რომ თავბრუ ესხმოდა. ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, გასინჯეს და მისი მდგომარეობა გადაღლით ახსნეს. თუმცა, ჭეიშვილის თქმით, 1-ელ ივნისს ტყეშელაშვილმა სახლში 30 ტაბლეტი „კლოფელინი“ თვითმკვლელობის მიზნით დალია, მაგრამ გადარჩა. არადა, სპეციალისტების განცხადებით, ასეთი დოზით „კლოფელინის“ მიღების შემთხვევაში ცოცხალი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა.

ფაქტია, რომ ჭეიშვილი ურთიერთგამომრიცხავ, ალოგიკურ განცხადებებს აკეთებდა, რადგან საქმე ეხებოდა გლდანი-ნაძალადევის მთავარი პროკურორის მკვლელობას. როგორც ჩანს, ის იძულებული იყო, გარკვეული ფაქტებისთვის ხელი დაეფარებინა.

ტყეშელაშვილის ოჯახი ავთანდილ გულიაშვილთან ერთად გიორგი ჭეიშვილის დასჯასაც ითხოვს, რადგან სწორედ ის ითვლებოდა პაატა ტყეშელაშვილის მკურნალობის ხელმძღვანელად და სასამართლოზე ავთანდილ გულიაშვილმა განაცხადა, რომ პაციენტისთვის გადასასხმელი 34 ლიტრი სითხის შემადგენლობა სწორედ ჭეიშვილის მითითებით მომზადდა.

 

რა ინტერესები ამოძრავებდა ჭეიშვილს?

 

ვერსია #1

 დავუშვათ, რომ შესაძლოა, პაატა ტყეშელაშვილი მართლაც გახლდათ ნარკოტიკების მომხმარებელი, რამაც მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და მან დახმარებისთვის სასამართლო ექსპერტს გიორგი ჭეიშვილს მიმართა, ჭეიშვილი კი იძულებული იყო, ეს ფაქტი სწორედ ტყეშელაშვილის თანამდებობიდან გამომდინარე დაემალა. მაგრამ თუ ეს ასე იყო, რა უნდოდა ნარკომანს გლდანი-ნაძალადევის მთავარ პროკურორად?

მეორე მხრივ, თუ პაატა ტყეშელაშვილს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ჭეიშვილის რეკომენდაციით, ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა, რა უნდოდა სულით ავადმყოფს, გლდანი-ნაძალადევის მთავარ პროკურორად?

 

ვერსია #2

 ტყეშელაშვილის ოჯახს აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ჭეიშვილი შეკრული იყო ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ კლინიკებთან და როგორც ისინი ამბობენ, იქ თითოეული პაციენტის მიყვანისთვის 150 დოლარს იღებდა. პაატა ტყეშელაშვილი კი, თავისი დეპრესიული ფონით, ნამდვილი შემოსავლის წყარო გახდებოდა მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის. შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ციტო+“-ში მკურნალობის ერთი დღის საფასური 500 ლარს შეადგენდა.

 

ვერსია #3

 გარდაცვლილი პროკურორის ოჯახი არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ პაატა ტყეშელაშვილს სამსახურებრივი წარმატებიდან გამომდინარე, უხვად ჰყავდა მტრები. მისი „წამალზე შესმა“ კი თავიდან მოსაშორებლად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ჭეიშვილმა ის ნელ-ნელა მიაჩვია ჯერ ფსიქოტროპულ პრეპარატებს (რომელთა უმრავლესობა ნარკოტიკების შემცველია), შემდეგ კი ნარკოლოგიურ კლინიკაში მიიყვანა, რომელიც სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ იქ პაციენტებზე ნარკოტიკებს ყიდდნენ.

 

რატომ წავიდა გამოძიება არასწორი მიმართულებით და რა ხარვეზები ჰქონდა სასამართლოს?

 ტყეშელაშვილის ოჯახის მტკიცებით, როგორ საეჭვო ვითარებაშიც მოხდა მკვლელობა, ასევე საეჭვოდ წარიმართა გამოძიებაც.

გამოძიება ტყეშელაშვილის ყოფილ ხელქვეითს, გენო ბაღდასაროვს დაევალა, საგამოძიებო ჯგუფის უფროსად კი მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი კოკაია დაინიშნა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისთვის არ გამოიყო სპეციალური ჯგუფი. ექსპერტიზის ჩატარება ერთ ექსპერტს დაევალა, რომელიც ჭეიშვილის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება არასწორი გზით წავიდა, არ მოხდა განზრახ მკვლელობის საკითხის გამოძიება და სასამართლოს არც არაპირდაპირი განზრახ მკვლელობის შესახებ უმსჯელია.

განაჩენის მიხედვით, ჭეიშვილი დასახელებულია, როგორც მოწმე, მაგრამ, ფაქტობრივად, ექსპერტის როლში, მაშინ როცა ის უკანონო საექიმო საქმიანობის ორგანიზატორი იყო.

ასევე, გაურკვეველი რჩება, საიდან ჰქონდა პაატა ტყეშელაშვილს სხეულზე ის მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, რომელიც სასამართლო ექსპერტიზამ აღწერა. სასამართლო ექსპერტიზის აღნიშვნით, იმ ტექნიკურ-მატერიალურ პირობებში (იგულისხმება წყობიდან გამოსული სამედიცინო აპარატურა და ვადაგასული პრეპარატები), რომელიც კლინიკა „ციტო+“-ში იყო, პაციენტის არა თუ სიცოცხლის გადარჩენა, არამედ ელემენტარული დახმარების გაწევაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ოჯახის წევრები გაყალბებულად მიიჩნევენ ექსპერტიზის დასკვნასაც, რადგან იქ წერია, რომ პროკურორს ინფარქტი ადრეც ჰქონდა გადატანილი და ამიტომ გულმა ვეღარ გაუძლო, თუმცა ეს ინფორმაცია, ოჯახის მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათ დასკვნა მიიტანეს პროფესორ თამაზ ორაგველიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ტყეშელაშვილს ინფარქტი არ გადაუტანია.

ტყეშელაშვილი გარდაცვლილი კვირა დღეს იპოვეს, პალატაში კი ორი ფლაკონი გახსნილი ნარკოტიკი აღმოჩნდა, 1997-99 წლებში გამოშვებული.

გამოძიება არ დაინტერესებულა, ვინ იყო 6-ში ღამე კლინიკაში მისული და ვინ გაიკეთა ორი ფლაკონი ვადაგასული ნარკოტიკი, ან ვის გაუკეთეს...

მარიტა დამენია, გაზეთი "პრაიმტაიმი"

სამართალი  |  კვირა, 28 ოქტ 2012 14:28
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

შსს-მ თაღლითობის და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მ ...

ვრცლად

შსს-მ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სა ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ო ...

ვრცლად

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ ...

ვრცლად

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურისგან მკვლელობის ობიექტურ გამოძებას მოი ...

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი,მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ, პროკურატურისგან ობიე ...

ვრცლად

ზესტაფონში შსს-ს თანამშრომელმა ცოლი მოკლა

ზესტაფონში, 23 წლის გოგონა ყოფილმა ქმარმა მოკლა.

ვრცლად
no_banner