no_bannerno_banner

წულუკიანი კბილაშვილით უკმაყოფილოა

წულუკიანიარჩილ კბილაშვილი შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ხანში მან პოსტი დატოვოს. საკადრო ცვლილებებს არც იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს. თუმცა, თეა წულუკიანმა მხოლოდ თქვა და კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

მეორე მხრივ, თავად ლაშა ნაცვლიშვილის შს სამინისტროდან პროკურატურაში გადაყვანის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არჩილ კბილაშვილისადმი დიდ კმაყოფილებას ვერტიკალში ვერ განიცდიან. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრი თავის მინიშნებაში შედარებით უფრო კონკრეტული იყო, როცა თქვა: ლაშა ნაცვლიშვილი სწრაფად მაოზროვნეა და სისხლი უდუღს ძარღვებში, მე და კბილაშვილს არ გვგავსო. საერთოდ, როგორც კულისებში მიანიშნებენ, არჩილ კბილაშვილის ტემპები არ მოსწონთ. თავის დროზე თავად კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის, როგორც ადვოკატი, სპეციალურად იქნა შერჩეული მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. „პრაიმტაიმთან“ საუბარში ერთხელ მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დამარწმუნა ამ თანამდებობაზე დავთანხმებულიყავი, მან მითხრა, რომ მე, როგორც ადვოკატი, უფრო მეტად დავიცავდი ადამიანების უფლებებს და არ დავუშვებდი დარღვევებს, მეც დავთანხმდიო.

მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, რაც ადრე პლუსი იყო ახლა მინუსი ხდება. ტემპები არ მოსწონთ. და უკმაყოფილებას არც თავად თეა წულუკიანი მალავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებთან საუბარში ის დელიკატურია და აცხადებს, რომ პროკურატურაში კადრების სიმწირეა და ახალი ხელისუფლებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა. კადრების სიმწირე ჩასწორებულია - ლაშა ნაცვლიშივილი პროკურატურაში გადაიყვანეს. ის საკმაოდ გამოცდილი ადამიანია. ირაკლი ღარიბაშვილს უწყებაში ორი ასეთი გამოცდილი ადამიანი ჰყავდა, ლაშა ნაცვლიშვილი და ალეკო ტაბატაძე. სწორედ მათ მიაწერენ თენგიზ გუნავასთვის ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებას. გუნავამ ახლა საქმე პროკურატურაშიც შეიტანა. და ამ განცხადებას იქ ლაშა ნაცვლიშვილიც დახვდა. ვნახოთ რას გამოიძიებენ. ასე რომ, შეიძლება არჩილ კბილაშვილი არჩევანის წინაშე დადგეს - ხელი მოაწეროს ასეთ საქმეებს თუ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. თუმცა, ჯერ იმასაც დადასტურება უნდა თუ ვისი განკარგულებით ჩაუდეს ნარკოტიკები გუნავას. ესეც ჯერ დასადგენი და გასარკვევია. ყოველ შემთხვევაში ლაშა ნაცვლიშვილისა და არჩილ კბილაშვილის კოლაბორაცია ნაკლებად სავარაუდოა. ასეთია შთაბეჭდილება, თუმცა, ვანხოთ როგორი იქნება პრაქტიკა.

თანაც, შსს უკვე საქმეს საქმეზე აგზავნის პროკურატურაში და როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ამ საქმეებს იქ ცხელ „სისხლიანი“ ნაცვლიშვილი დახვდეს და არა "ნელი" კბილაშვილი.

ესეც რომ არა, ღარიბაშვილს ხშირად სწორედ მისი მოადგილეების - ნაცვლიშვილისა და ტაბატაძის გამო აკრიტიკებდნენ. სუსტ რგოლებად სწორედ მათ მოიხსნებიედნენ. ნაცვლიშვილმა უწყება უკვე დატოვა. ვნახოთ როგორი იქნება გამოძიების დასკვნა გუნავას საქმეზე და ვის შეიწირავს ნარკოტიკების ჩაგდების საქმე. თუმცა, საკადრო პოლიტიკის კრიტიკა კიდევ უფრო შორს მიდის. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ შს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის ფიგურაზე.

გელა ხვედელიძე, ლევან მამალაძის გუბერნატორობის პერიოდში, ქვემო ქართლის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი „ეროვნული ფორუმის“ წევრი გახდა და ხშირად ჩანდა გუბაზ სანიკიძის გვერდით. ერთი პერიოდი ხვედელიძე, მის დაცვასაც ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გუბაზ სანიკიძის თხოვნით დაინიშნა ის თავის დროზე, მაღალ თანამდებობაზე. სწორედ იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს, სანიკიძის ახლო მეგობარი, ვალერი ხაბურძანია. გელა ხვედელიძე 1993-2004 წლებში სამართალდამცავ სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ის იყო ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი.

კულუარული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურაში კონკრეტულ საქმეებს წინასწარ შერჩეულ და იდენტიფიცირებულ პირებს უგზავნიან, რაც ისევ და ისევ უნდობლობის საფუძველი ხდება. აღნიშნულის მიზეზად კი, ბუნებრივია, კულუარულად, პროკურატურაშიც ძველი კადრების დაბრუნება სახელდება. გარდა ამისა, შს სამინისტრო პროკურატურის მუშაობის ნელი ტემპითაც უკმაყოფილოა. ამ საკითხზე საზოგადოებისთვის განმარტება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ნელი ტემპის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კადრების მწირი რესურსი და საქმეებზე საფუძვლიანი მუშაობაა. მისივე თქმით, პროკურატურას მხოლოდ 43 გამომძიებლის პირობებში უწევს მოქმედება, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში, აქცენტი არა საქმის გამოძიებაზე, არამედ საპროცესო გარიგებებზე და ფულის კეთებაზე კეთდებოდა. გამომძიებელთა რიცხვს კი პროკურორების რაოდენობა ბევრად აჭარბებდა. რამდენად მისაღებია აღნიშნული არგუმენტი შს სამინისტროსთვის, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ შს სამინისტროდან ოთხკვირიანი მუშაობის შემდეგ, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაინაცვლა. თავად ნაცვლიშვილი საკუთარი განმარტებით შეეცადა ზემოთ აღნიშნული ხმების გაბათილებას. მისი მტკიცებით, არანაირი უნდობლობა ამ ორ ძალოვან უწყებას შორის არ არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტი ეფექტურობისთვის ეს გადაწყვეტილება იყო საჭირო.

ლაშა ნაცვლიშვილი: "მე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დავინიშნე. ვუხელმძრვანელებ გამოძიებას პროკურატურაში, შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სასჯელაღსრულებასა და პრობაციაში... ეს იყო პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. არანაირი უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს. მუშაობის ოპტიმიზაციისთვის და მეტი ეფექტურობისთვის ეს გადაწყვეტილება იყო საჭირო“,-განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ. თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებებს იუსტიციის მინისტრიც აკეთებს. წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ კბილაშვილისა და ნაცვლიშვილის ტანდემი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული იქნება".

თეა წულუკიანი: "არჩილ კბილაშვილმა ჩათვალა, რომ იმ საქმიანობაში, რომელიც მას ძალიან მძიმედ აწევს მხრებზე და აუცილებლად უნდა ღირსეულად ატაროს ბოლომდე, მას სჭირდება ლაშა ნაცვლიშვილის ფუნქცია თუ დახმარება. ის რომ, ლაშა ნაცვლიშვილი მანამდე იყო შს სამინისტროში, იმ გუნდში, თუმცა ის და ეს გუნდი პირობითი ცნებაა ამ შემთხვევაში, რადგან როცა კრიმინალს ებრძვი, აუცილებლად კოორდინაციაა საჭირო... მგონია, რომ კბილაშვილისა და ნაცვლიშვილის ტანდემი იქნება წარმატებული, თუმცა, თუკი შევხედეთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, საკადრო საკითხები შესაძლოა გადაიხედოს, როგორც მინისტების, ასევე მათი მოადგილეებისა თუ პროკურორების შემთხვევაში. წარსულში ნაცვლიშვილთან პროფესიული საქმიანობის გამოცდილება არ მქონია, ამიტომ ამ კუთხით მას ვერ შევაფასებ, მაგრამ ამ ოთხი კვირის განმავლობაში ერთ გუნდში საქმიანობის შთაბეჭდილება, რაც მაქვს, არის ის, რომ ის გახლავთ საკმაოდ სწრაფად მოაზროვნე და ისეთი ადამიანი, რომელზეც ამბობენ ხოლმე, რომ სისხლი უდუღს ძარღვებშიო, რასაც ჩემზე და არჩილ კბილაშვილზე მაინც და მაინც ვერ იტყვის კაცი. ამიტომ მე მჯერა იმის, რომ ის ბალანსი, რომელიც ამ გზით შედგება, იქნება წარმატებული".

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლაშა ნაცვლიშვილის ძალოვან უწყებაში დაბრუნებას, მყისიერად მოჰყვა საზოგადოების ნაწილის და საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა. უწყებაში, რომელიც 2003 წლის შემდეგ მთლიანად გასუფთავდა კორუფციისა და კრიმინალისგან, კვლავ შევარდნაძისდროინდელი კადრები ბრუნდებიან – ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შეფასება.

პირველი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებდა 2003 წელს „ჭიათურმანგანუმის“ გახმაურებულ კორუფციულ საქმეში. „ჭიათურმანგანუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უშიშროებამ დაიჭირა. მაშინ ნაცვლიშვილს უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დაკავებული კი ამბობდა, რომ უშიშროება "ჭიათურმანგანუმიდან" მის განდევნას ცდილობდა და იქ თავიანთი კომპანიის შემოყვანა სურდათ“, – ამბობს ჯაფარიძე. ზურამ ჯაფარიძემ ასევე გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაკეთებული მისი განცხადება: "ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა". (2009წ.polit.ru ) "ნაციონალების" ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. ღარიბაშვილის უწყებამ განმარტა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში შესვლას, თუმცა, ამ კონკრეტულ ბრალდებაზე განმარტების გაკეთება, როგორც ჩანს, მაინც საჭირო გახდა.

"ჭიათურმანგანუმს", 2002 -2003 წლებში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მართლაც აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს, ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმთან" დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რამდენიმე დანაშაულში მხილებული პირი, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

2001-2003 წლებში ლაშა ნაცვლიშვილი მაშინდელ უშიშროების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ ის 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ლაგოდეხის მაჟორიტარი იყო. ამავე პერიოდში ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ გაწევრიანდა, თუმცა, 2010 წელს დატოვა პარტიის რიგები. 1 ოქტომბრის არჩევნებში მან დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კვოტით მიიღო. 90-იან წლებში ნაცვლიშვილი პროკურატურაში, ასევე ცოტა ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშიც მუშაობდა. როგორ გამოიყენებს პროკურატურა ლაშა ნაცვლიშვილის "მჩქეფარე სისხლს" დიდი ალბათობით ახლო მომავალშივე გამოჩნდება. იუსტიციის მინისტრმა ძველ მარალჩინოსნებთან დაკავშირებით ახალი საქმეების გახსნის შესახებ უკვე დააანონსა.

 დიანა მუსელიანი გაზეთი "პრაიმტაიმი"

სამართალი  |  კვირა, 09 დეკ 2012 18:50
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის ...

ვრცლად

თერჯოლაში შვილმა დედა მოკლა

17 აპრილს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში შვილმა დედა მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, 19 ...

ვრცლად

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყ ...

ვრცლად

დათა ახალაია ერთი თვის წინ დააკავეს?

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენის ყოფილი უფროსი დათა ახალია საბერძნეთის ქა ...

ვრცლად

EXCLUSIVE გელაშვილის ცემის ფაქტზე ირაკლი კოდუას ბრალს ზეგამდე წაუყენებ ...

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, სოდის ყოფილ ხელმძღვანელს, ერეკლე (ირაკლი ...

ვრცლად

დათა ახალაიას საბერძნეთი პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მისცემს

კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია სებერძნეთში თურქეთიდან ყალბი საბუთებით შედიოდ ...

ვრცლად
no_banner