no_bannerno_banner

"პარადოქსი" - პირველი ქართული ფანტასტიკა

პარადოქსი"GDS"-ზე რომ ძალიან "რაღაცნაირ" სერიალს იღებენ, მსახიობებისგან ცალ-ცალკე შევიტყვე. "დურუჯის" მიერ ნომინირებული "წლის საუკეთესო მსახიობი" - ანა ალექსიშვილი მოხიბლული დამხვდა: "კინოში და თან ასეთ ჟანრში ჩემი პირველი გამოცდილებაა და დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი. გადაღებები საინტერესო იყო. მიხარია, რომ ამ სერიალში მოვხვდი. იმედი მაქვს მაყურებელს საინტერესო ტიპაჟს შევთავაზებ. ამისთვის ძალიან მოვინდომებ. ეს გამოცდილება ბევრს მომცემს". მერე ნანკა კალატოზიშვილმაც მიხსენა "პარადოქსი". "ასეთი ჟანრის სერიალს პირველად იღებენ და ჩემთვის უკვე თავისთავად ძალიან საინტერესოა. ჯაბას სახით ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. სერიალს ძალიან პედანტურად იღებს. პირველად ვარ ასეთ გადაღებაზე, სადაც ყველაფერი მიხარია. ყველა თავის საქმეს აკეთებს. მობილიზებული გადაღებაა. თან ასაკით პატარები არიან. ყველაფერს მცირე დროში ასწრებენ. ყველა მაქსიმალურად იხარჯება. სერიალს ძალიან მაგარი ჯგუფი ჰყავს. პროექტს ვგულშემატკივრობ“. ასეთი შეფასების შემდეგ ჩემი დაინტერესება გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ 28 წლის ჯაბა მელქაძე ჯერ "GDS"-ზე არხის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, მერე სტატუსი შეიცვლა და გადასაღები მოედნისთვის მოიცალა. ჯერ პროექტის - „პარადოქსის“ იდეის ავტორია. გარდა ამისა, ზაზა კოშკაძესთან ერთად ამ სერიალის სცენარის ერთ-ერთი ავტორი, რეჟისორი, მემონტაჟე - ყველაფერი ჯაბა ყოფილა. სერიალს მუსიკასაც ის ურჩევს. სხვათა შორის, მასზე მცირე წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, გეტყვით, რომ ოთხი წლის წინ ლევან დაბრუნდაშვილთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ თრეილერი გადაიღო. ნამუშევარი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს, ემოციები - ძალიან მოგვეწონა ნამუშევარი. მერე ამ ბიჭების დუეტმა მხატვრული ფილმი „ანო და ვანო“ გადაიღო. "ვეფხისტყაოსნის" გადასაღებად 20 მილიონი მართლა რომ მოეცა ვინმეს, დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრებოდა. თუმცა მიზანი არ გვქონდა, რომ ფული გვეშოვა და მერე ფილმი გადაგვეღო. ძალების მოსინჯვა გვინდოდა. ბევრი ვილაპარაკეთ, ეს პოემა რომ გადავიღოთ როგორს გავაკეთებდით. მაშინ ლევანი "ღამის შოუში" მუშაობდა, მე - სარეკლამო კომპანია „სარკეში“. ჩვენი ჰონორარები შევკრიბეთ, ავაშენეთ დეკორაციები, სამხატვრო აკადემიაში მხატვართა ჯგუფი შევკარით და თრეილერი გადავიღეთ. ამ თრეილერით დავრწმუნდით საკუთარ თავში. რგოლი ყველას ნანახი ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ კარგია. მას შემდეგ დიდი სურვილი მაქვს კინოში ვიმუშაო. აქამდე ხელმძღვანელობის პოსტი არ მაძლევდა ამის საშუალებას", - აცხადებს ჯაბა.

კომპიუტერული გრაფიკა
პროექტის იდეა დიდი ხანი უტრიალებთ. მანამდე პროექტები "ლეგენდა" და "დროის მანქანა" განახორციელეს. როგორც ამბობს, გრაფიკოსების ჯგუფი მოამძლავრეს. მიხვდნენ, რომ უფრო რთულის გაკეთება შეუძლიათ.
ჯაბა მელქაძე: „ჯერ ქართულ სატელევიზიო პროდუქტში კომპიუტერული გრაფიკა და ვიზუალური ეფექტი ასეთი დოზით არავის გამოუყენებია. ამაზე გიორგი გოგუაძე თავის ჯგუფთან ერთად მუშაობს. როცა უკვე მივხვდით, რომ ექსპერიმენტებისთვის მზად ვიყავით, გაგვიჩნდა ამ სერიალის გაკეთების იდეაც. "პარადოქსში" ბევრი რამ გრაფიკაზეა დამოკიდებული. პილოტი აგვისტოში გადავიღეთ, რომელიც არხის მფლობელებმა როგორც პირველი სერია ისე დაამტკიცეს. ამ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ბერაა. გადაღებები სექტმებრიდან დავიწყეთ. უკვე მეხუთე სერიას ვიღებთ".გოგრიჭიანი და კალატოზიშვილი

"პარადოქსი" 
- რითი იქნება "პარადოქსი" ქართველი მაყურებლისთვის განსხვავებული და საინტერესო?
- ჟანრი ფანტასტიკაა. სერიალს ექნება ბევრი ვიზუალური ეფექტი. აპოკალიფსის მიუხედავად ადამიანური ინტრიგები და ერთმანეთის გვერდში დგომა, მეგობრობა წინა პლანზე მოდის. ისევე, როგორც "LOST"-ში, მთავარი თემა - თუ რა ხდება სინამდვილეში, ბოლო სეზონში გაიხსნება.
თავიდან სერიალს „ზომბები“ დავარქვი. დედამიწაზე გაჩნდნენ რაღაც არსებები (მათ შორის თბილისშიც), რომლის პირველი ნაკბენიდან ვითარდება ვირუსი. დაკბენილი ადამიანი გადის 4 ეტაპს: ციებ-ცხელება პირველი ეტაპია, მეორე მთვარეულივით სიარული, მესამე სიკვდილი და მეოთხე ეტაპია - დაზომბება, რომელსაც „მეოთხეს“ ვეძახით.

სიუჟეტი
"სიუჟეტი ასეთია: გუგა, რომლის როლსაც თორნიკე გოგრიჭიანი ასრულებს იღვიძებს მეტროში და არაფერი ახსოვს. ფლეშბეკებით იხსენებს, რა მოხდა. შემოდის ნანკა კალატოზიშვილის პერსონაჟი, ელენა. გმირები ავარიაში მოყვებიან და ჯარისკაცები გადაარჩენენ. მათ ბაზაზე "მეოთხეები" (დაკბენილი მეოთხე სტადიის ადამიანები) მიაგნებენ და სერიოზული შეტაკება მოხდება. ჯარი „მეოთხეებზე“ გაიმარჯვებს. ამ დროს მთავარი ხაზი შემოდის, ელენეს 13 წლის შვილი ექსკურსიაზეა პრომეთეს მღვიმეში და იკარგება. ელენე შვილის მოსაძებნად ჯგუფს შემოიკრებს და მიდის. მას გუგა და ორი ჯარისკაცი - ერთი მათგანია მარიამი (თინა დალაქიშვილი) და მეორე რიგითი კახიანი (ლევან კახელი) მიჰყვება. შვილი მარიამი (ანა ფოჩხუა) ეპილეფსიითაა დაავადებული. წყალტუბოში მიტოვებულ სანატორიუმში აღმოჩნდებიან. იქ შემოდიან ანა ალექსიშვილის, გიორგი კალანდაძის, გიორგი მახარაძის, ვახო ჩაჩანიძისა და ნატალია მეტრეველის პერსონაჟები.
საერთოდ, მსახიობების არჩევამდე ყველაფერი თორნიკე გოგრიჭიანით დაიწყო. პირველი სერიის პირველი 16 წუთი მხოლოდ მისი კადრებია. მას "ვეფხისტყაოსნის" თრეილერიდან მოყოლებული ვეთანამშრომლებით. იმ 16-მა წუთმა ბევრი რამ გადაწყვიტა. კადრიც და თორნიკეც კარგი გამოვიდა. მერე სხვა მსახიობებზე ვიფიქრეთ და არჩევანი ნანკაზე გაკეთდა. მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ეს ორი მთავარი გმირია. მათ ურთიერთობაში ჩანს ის, რაც სერიალის მთავარი სათქმელია. მეგობრობა და თანადგომაა მნიშვნელოვანი. აპოკალიპტურ მდგომარეობაში მყოფ სამყაროს ეს აგრძელებინებს არსებობას".

მომთხოვნი
"ასეთი ტიპის სერიალში ყველაზე მნიშვნელოვანი სცენარია. მიხარია, რომ ჯგუფი სცენარით კმაყოფილია. გადასაღებ მოედანზე ყველა ცდილობს ბოლომდე იყოს კომფორტი. თქვენგან გავიგე, რომ მსახიობები ჩვენი გადასაღები მოედნით კმაყოფილები არიან. ძალიან მიხარია. არ ვიცი, მიჭირს ავხსნა, რატომ არიან კმაყოფილები, მაგრამ თუ ასეა, ესე იგი სწორი გზით მივდივართ. შეიძლება პატარები ვართ, მაგრამ ამ ჯგუფში უამრავია ისეთი, რომელიც ბეტაკამის პერიოდიდან ვმუშაობთ. მე მაშინ გამნათებელი ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ პატარა ასაკიდან ვართ ამ სფეროში".
- როგორი რეჟისორი ხართ?
- მომთხოვნი. ეს ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის. რეჟისორობაზე ვოცნებობდი. მამა „პირველ არხზე“ 40 წელი მუშაობდა და იქ გავიზარდე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ და მერე ყველა დანარჩენს. ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ მეგობრული. გადასაღებ მოედანზე ყველა ჩემი მეგობარია. მაგრამ საქმეზე ბევრი შემიძლია ვიჩხუბო.

პრომეთეს მღვიმეში
"წყალტუბოში მიტოვებულ, აჭედილ, უზარმაზარ სანატორიუმში გვქონდა გადაღება. ვხუმრობდით, იქნებ ვინმე ან რამე გამოჩნდეს, რომ გადავიღოთო, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მღვიმეში გადაღებისას თინა დალაქიშვილი გახდა ცუდად, ქვევით ღრმად ვიყავით ჩასული და უჰაერობის გამო. ეს სცენები ვერ გადავიღეთ. გამნათებლებმა გადაწოდებებით გამოიყვანეს. ძალიან ვინერვიულე.
მეორედ მივდივართ გადასაღებად. მონდომებულია თვითონ. ეს სცენები მის გმირზეა აგებული. ელენეს ჰგონია, რომ მღვიმეშია მისი შვილი. „გაჭედილი“ აქვს - ეპილეფსიანი შვილი უნდა ნახოს. ასე რომ, ჟანგბადის ბალონებით გადასაღებად უნდა წავიდეთ პრომეთეს მღვიმეში“.

სხვადასხვა ჟანრის
"ყველაზე დიდი დრო მიაქვს გრაფიკულ ნაწილს. ვვარაუდობთ, რომ დეკემბრამდე ეს სერიალი ეთერში არ გავა. კვირაში ერთხელ 40-წუთიან სერიას გავუშვებთ.
ვფიქრობთ, რომ პირველი სეზონი 8 სერიიანი უნდა იყოს. სეზონის ფინალი იქნება ისეთი, რომ მეორე სეზონს მაყურებელი დაელოდება. გაგრძელება კი დაახლოებით სექტემბერში იქნება. ასეთი სერიალი ჯერ არ გაკეთებულა. რთულია გასაკეთებლად. ვადებს ვერ იტყვი, ავირიეთ. პირველმა სეზონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და იმედია, ასეც იქნება. პარადოქსს“ რომ ნახავს, ყველა იტყვის, რომ ფილმს დიდი ბიუჯეტი აქვს. ამ დროს სტანდარტული საშუალო ბიუჯეტის მქონე პროექტია.
ამ პროექტზე მომუშავე ყველა წევრი ხვდება, რომ რაღაც ახალს აკეთებს. ამ პროექტის ნახვის შემდეგ მაყურებელი კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავა. ამ სერიალის მერე უფრო მაღალი დონის სერიალს მოითხოვს. მხოლოდ ერთ ოთახში გადაღებული იუმორისტული სერიალით ხომ ვერ განვავითარებთ ამ სივრცეს. „პარადოქსის“ თითო სერია 40-წუთიანი ფილმია, სერიალის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. კადრით, მონტაჟით, მუსიკით, განათებით - სრულყოფილი ფილმია. ერთ კონკრეტულ ჟანრს ვერ მიაწერ. მხოლოდ ფანტასტიკას ვერ იტყვი. პირველ სერიას ბევრი „ჰორორის“ ელემენტი აქვს. თორნიკე გოგრიჭიანის გმირი მეტროს გვირაბებში მარტო დადის და საშიში გამოვიდა. პოლიტექნიკურის მეტროს შახტაში გადავიღეთ. ღამის 1 საათიდან დილის 5 საათამდე. ბევრი მტვერი ვყლაპეთ. მეტროს ქვევით მთელი ქალაქია. „პარადოქსზე“ ვხუმრობთ კიდეც - პირველი სერია საშინელებათა ფილმია, მეორე სერია "ბოევიკი", მესამე დრამა და იქით კიდევ სხვადასხვა ჟანრი-მეთქი.
მეორე სეზონიდან პავილიონები დაგვჭირდება. იქ უკვე მხოლოდ დედამიწაზე არ ხდება მოქმედება. არ ვიტყვი - რა ხდება, თუმცა დიდი დეკორაციებია გასაკეთებელი.
მხატვრები არიან - მელანო ზიბზიბაძე, ნინო ლეფერაშვილი და ნინო დარასელია. მუსიკაზე ბევრი ვიფიქრე. ჩემთვის მნიშვნელოვანია კინომუსიკა. ჩვენს ტელევიზიას კონრეტულ კომპანიასთან აქვს კონტრაქტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კომპოზიტორებთან აქვს მოლაპარაკება. მე ვისი ნაწარმოებიც მომეწონება, ვიწერ. ცოტა რთული პროცესია, უამრავი მუსიკაა. ცოტა ვწვალობ, მაგრამ საუნდთრეკი ასევე ძალიან მაგარი იქნება. შეიძლება კონკრეტული სიმღერა დავწეროთ ქართველი შემრულებლისთვის, რომელზეც კლიპსაც გავაკეთებთ“.

თამარ გონგაძე გაზეთი "პრაიმტაიმი"

კულტურა  |  ხუთშაბათი, 21 ნოე 2013 15:06
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

no_banner