no_bannerno_banner

არჩილ კბილაშვილს ბრალი წაუყენეს

არჩილ კბილაშვილს უკვე ბრალდება წაუყენეს. მთავარ პროკურორს კადრების გამო აკრიტიკებენ. ბრალდება ორ ძირითად მიმართულებას შეიცავს: პროკურატურაში ძველი კადრები ბრუნდებიან, რაც ცუდია, იმიტომ რომ ისინი სამართლიანობას არ ემსახურებიან და მეორე, მეგობრობის ფატორი ამ ხელისუფლებისთვისაც დამახასიათებელია – კბილაშვილმა ახალ კადრებში რამდენიმე საკუთარი კურსელიც შეაპარა.

ამ ბრალდებებს მთავარმა პროკურორმა უკვე უპასუხა. მან თქვა, რომ დიდი სიამოვნებით აარჩევდა მეტს, მაგრამ მხოლოდ ორზე შეჩერდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათს პროფესიონალიზმში დარწმუნებულია.

ოპონენტები კბილაშვილის ადრინდელ განცხადებას იხსენებენ. როცა ის მთავარი პროკურორის პოსტზე ინიშნებოდა, ცალსახად განმარტა, რომ სტრუქტურაში აუცილებლად კარგი რეპუტაციის ადამიანებს მოიყვანდა.

მთავარმა პროკურორმა 11 ახალი დანიშვნა განახორციელა. ოფიციალური ინფორმაციით: პროკურატურიდან დაითხოვეს 17 პროკურორი და დაინიშნა 11 პირი. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი დავით მჭედლიშვილმა დაიკავა. ანტიკორუფციული  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი თეიმურაზ  მიქაბერიძე შეასრულებს. საკადრო ცვლილებებია დეპარტამენტების უფროსების თანამდებობებზეც. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  ნარკოტიკების უკანონო  ბრუნვის  წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში. გამოძიების საპროცესო  ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად ზაქარია დარჩიაშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე  ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი კახაბერ წერეთელმა დაიკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტს  გოჩა ფარულავა უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა  სამინისტროს  საზოგადოებრივი უსაფრთხოების  სამსახურებში, საგარეო დაზვერვის  სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი დავით ნიკოლაშვილი იქნება. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო  ხელმძღვანელობისა  და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტს შოთა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო  შემოსავლის ლეგალიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი ნუგზარ სალია შეასრულებს.

ცვლილებებია თბილისისა და საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც. თბილისის პროკურორად დავით კოჭლამაზაშვილია დანიშნული, მის მოადგილედ კი – ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს ბესიკ თხელიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად  ლევან  გზირიშვილი დაინიშნა,  ქვემო  ქართლის  საოლქო  პროკურორად – ლაშა ლეთოდიანი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის პოსტი კახა ლაითაძემ დაიკავა, კახეთის   საოლქო  პროკურორის თანამდებობა – ესტატე  მარგებაძემ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად გივი პაპუაშვილია დანიშნული, დასავლეთ საქართველოს  საოლქო პროკურატურას კი ილია ჯალაღანია უხელმძღვანელებს.

ჩამოთვლილ 11 პირთაგან 4 – დავით კოჭლამაზაშვილი, შოთა რეხვიაშვილი, ზაქარია დარჩიაშვილი და ლაშა ლეთოდიანი – კბილაშვილის თანაკურსელია.

ცნობილი ადვოკატი, რომლის სახელი და გვარი ისეთ ხმაურიან საქმეებს უკავშირდება, როგორიც არის, მაგალითად, გურამ არაზის მკვლელობა, აცხადებს, რომ დანიშნულთაგან არც ერთი არ სარგებლობს დადებითი რეპუტაციით და თითოეული მათგანის მიმართ კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. მამუკა ნოზაძე „პრაიმტაიმთან“ღიად საუბრობს არჩილ კბილაშვილის ახალ ფავორიტებზე.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

– სინამდვილეში ახლად დანიშნული პროკურორები შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი კადრები არიან. ზოგიერთი მათგანი ადეიშვილის დავალების შემსრულებელი და ხელისბიჭი იყო. არც ერთ მათგანს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა არ გასჩენია. სწორედ მათი მონაწილეობით გაფორმდა ის ზღვა რაოდენობის საპროცესო გარიგებები, რომელთა დაკავშირებითაც ახლა პროკურატურაში განცხადება განცხადებაზე შედის და მათი საქმეების გადახედვის შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულები გამოიკვეთება. ამ ხალხის უკან დასაბრუნებლად ხალხს არ უბრძოლია. მათი მონაწილეობით ხდებოდა ქონების გადაფორმებები და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ბიზნესმენების ციხეებში გამომწყვდევა. ახალი ხელისუფლება აქცენტს უკანონო პატიმრებსა და არაადეკვატურ განაჩენებზე აკეთებდა, რისი მონაწილეებიც სწორედ ისინი იყვნენ. ამ ოდიოზური პიროვნებების დანიშვნით კი ხელისუფლება სამართალს ვერ დააბრუნებს და ხალხის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ისინი მთელი ცხოვრება უკანონობას სჩადიოდნენ და ერთ დღეში ვერ შეიცვლებიან. გამოცხადებული ვაკანსია კი, ფაქტობრივად, ფარსი იყო. ადვოკატები აუცილებლად მივმართავთ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს და მოვითხოვთ პასუხს. ახლა კი ვისაუბროთ კონკრეტულ პირებზე:

დავით კოჭლამაზაშვილი – ძველი კადრია, ბოლო პერიოდში მუშაობდა სიღნაღის რაიონის პროკურატურაში და მის სახელზეა „ქართული ოცნების“ მრავალი წევრის უკანონოდ დაპატიმრება და ბრალის წაყენება.

თეიმურაზ მიქაბერიძე – ძველი ხელისუფლების პირობებში მუშაობდა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად, ასევე იყო ვაკის პროკურატურაში, ყოველთვის გამოირჩეოდა კანონისადმი არდამორჩილებით. ჩემთან უამრავი საქმეა შემოსული, სადაც მისი არაკვალიფიციურობა ცალსახად იკვეთება.

კახაბერ წერეთელი – მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის პოლიციაზე ზედამხედველ პროკურორად. მამამისი ვოვა წერეთელი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო ჯერ ვაკის მოსამართლე, შემდეგ კი სააკაშვილის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე და ყოველთვის ამაყობდა, რომ იყო სააკაშვილის ნათესავი. კახაბერ წერეთელი კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულია ორდენით. თუ არ ვცდები, ღირსების ორდენით. ბოლო პერიოდში მუშაობდა ადვოკატად და შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ კვლავ აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასთან, არც ერთი საქმე არ აქვს დასრულებული საპროცესო გარიგების გარეშე. ეთიკის კომისიაში ის და კბილაშვილი ერთად იყვნენ და რა ხდება, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ხალხი პირადი სიმპათიებით ინიშნება და არა კვალიფიციურობის ნიშნით?

გოჩა ფარულავა – წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში და არის საზოგადოების ერთ-ერთი დამტერორებელი. ძალიან ბევრმა საქმემ გაიარა მის ხელში, რაც საბოლოოდ უკანონო ბრალდებებითა და დაჭერებით დასრულდა. ასევე, ძველი კადრია დავით ნიკოლაშვილი.

შოთა რეხვიაშვილი – ესეც ძველი კადრია, წინა ხელისუფლების პირობებში მუშაობდა რუსთავის პროკურორად. ბოლო წელიწად-ნახევარია, რაც პროკურატურიდან წამოვიდა და კერძო ბიზნესში გადავიდა.

ნუგზარ სალია – ესეც ძველი კადრია. მისი ძმა, ზვიად სალიაც პროკურორი იყო, რომელიც საფინანსო პოლიციას ზედამხედველობდა და ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. თავად ნუგზარი კი ორი წლის წინათ სამსახურიდნ დაითხოვეს.

ალექსანდრე იმედაშვილი – მუშაობდა მთავარ პროკურატურაში. პირადად მე არაერთი საჩივარი მაქვს შეტანილი პროკურატურაში და მისი პასუხები ყოველთვის დაუსაბუთებელი იყო. არა თუ რეაგირებდა დანაშაულზე, არამედ პირიქთ – დამნაშავეებს მფარველობდა. შემდეგ ის გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად.

ბესიკ თხელიძე – დიდი ხანია მუშაობს მთავარ პროკურატურაში. იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ყველა საპროცესო გარიგება მასთან თანხმდებოდა.

ლევან გზირიშვილი – მუშაობდა კასპის პროკურატურაში, შემდეგ კი „მოქალაქეთა კავშირიდან“ იყო კასპის მაჟორიტარი. წინა ხელისუფლების პირობებში კი უმუშევარი დარჩა. არსად არ გამოჩენილა.

ლაშა ლეთოდიანი – მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში, ასევე ქვემო ქართლის პროკურატურაში და ამასთანავე, მთავარ პროკურატურაში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად. ლეთოდიანის საქმეებიდან მაგალითად უამრავი შემიძლია დაგისახელოთ, ერთ-ერთია ქალბატონ ციცო ქოროღლიშვილის საქმე. ეს ქალბატონი წავკისის გამგებლად მუშაობდა და ბრალად დასდეს ნაკვეთის უკანონოდ გასხვისება. ლეთოდიანმა, მის ხელმძღვანელ მიშა აბულაძესთან ერთად, უკანონოდ გამოამწყვდია ციხეში 6 თვით, შემდეგ კი საპროცესო გაუფორმეს და 20 000 ლარი გადაახდევინეს. საქმე სრულიად აბსურდული იყო და მტკიცებულებები არ არსებობდა.

კახა ლაითაძე – მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში. მის ხელში გაიარა უამრავმა საპროცესო გარიგებამ. ასევე, უამრავი საქმეა ჩემთან შემოსული მისი არაკვალიფიციური ბრალდებების გამო. ასევე, მუშაობდა ქვემო ქართლის პროკურატურაში. მისი მუშაობის პერიოდში დააკავეს "ქართული ოცნების" არაერთი წევრი. მაგალითისთვის შემიძლია, დაგისახელოთ ძმები მახარაშვილები, რომლებიც უკვე 9 თვეა, უკანონო სასჯელს იხდიან. მათი ოჯახი კი აცხადებს, რომ ის ჩხუბი, რის გამოც მახარაშვილები დააკავეს, პროვოცირებული იყო და გეგმავენ, შესაბამისი საჩივრით პროკურატურას მიმართონ. კიდევ ერთი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, რომელიც ამ დროისთვის სტრასბურგშია გასაჩივრებული. ლაითაძემ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს, იოსებ ელბაქიძეს 10 000 მოსთხოვა. ოჯახს არ ჰქონდა და 9 წლით გამოამწყვდიეს ციხეში. ამჟამად სტრასბურგში საქმის განხილვა დასრულებულია და ოჯახი გადაწყვეტილებას ელოდება.

გივი პაპუაშვილი – მუშაობდა აჭარის მთავარ პროკურატურაში, ასევე იყო აჭარის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში. გახლდათ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი და სწორედ ის ესწრებოდა იმ აღიარებით ჩვენებას, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მისცა. ბოლო პერიოდში ადვოკატობით იყო დაკავებული.

ზაქარია დარჩიაშვილი – ის იყო რუსთავის მერი წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე გახლდათ დავით კირკიტაძის მოადგილე, შემდეგ კი – რუსთავის პროკურორის მოადგილე.

ილია ჯალაღანია – მუშაობდა ოზურგეთის პროკურატურში. მის სინდისზეა ადვოკატ შალვა დოლიძისა და მისი ვაჟის დაკავება. შალვა დოლიძეს მოედავნენ, თითქოს მან ბახმაროში თოფი უკანონოდ ისროლა და მისცეს პასუხისგებაში. ბოლო პერიოდში კი სისტემიდან გააგდეს.

რაც შეეხება შალვა დოლიძეს, მან უკვე მიმართა განცხადებით მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. ამ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაასრულა, ოჯახი გადაწყვეტილებას ელოდება, შალვა დოლიძე დარწმუნებულია, რომ მის საქმეს თბილისშიც გადახედავენ.

შალვა დოლიძე, დაზარალებული:

– 2005 წლის 22 აგვისტოს მაშინდელმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ ოზურგეთში დაგვაკავა მე და ჩემი ვაჟი, თითქოს 19 აგვისტოს ბახმაროში დღესასწაულზე ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ვისროდით, არადა საქმეში დევს ვიდეომასალა, რომელზეც დღესასწაულის მთლიანი პროცესია ასახული და კარგად ჩანს, ვინ ისვრის იარაღს. მიუხედავად ამისა, მათ თავის სასარგებლოდ სამ პოლიციელს მიაცემინეს ჩვენება, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი პროცესზე ჩვენება გადათქვა, რადგან უდანაშაულო ადამიანს ხელი ვერ დამადო. გარდა ამისა, 11-მა პოლიციელმა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენების დაწერას აიძულებდნენ, სისტემა დატოვა და შესაბამისი ოქმებიც მაქვს. მათთან ერთად, იგივე მიზეზის გამო, თანამდებობა დატოვა ჩოხატაურის პოლიციის ახლანდელმა უფროსმა ტარიელ ვასაძემ, რომელიც მაშინ სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ხელმძღვანელი იყო. გამუდმებით მემუქრებოდნენ, ჩემს შვილს საპატიმროში არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონი თეა წულუკიანი კარგად არის ინფორმირებული და თავის დროზე ჩემს უდანაშაულობაზეც საუბრობდა. შემდეგ შემომთავაზეს საპროცესო გარიგება და მაიძულებდნენ, მათთვის 300 000 ლარი გადამეხადა, მაგრამ ამაზე არ დავთანხმდი.

– რას უკავშირებთ თქვენ მიმართ განხორციელებულ, როგორც თავად ამბობთ, უსამართლობას?

– მე ჩემი ბიზნესი მქონდა – ავტოგასამართი სადგური და უძრავი ქონების სააგენტო. ლაცაბიძე მაიძულებდა, მათთვის 100 000 ლარი გადამეხადა. არ დავთანხმდი და დაიწყო ტერორი.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჯალაღანიას ძმა ლევანი, რომელიც შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში მუშაობდა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს და ციხეში 4 წელი გაატარა.

არჩილ კბილაშვილის მიერ დანიშნულ ერთ-ერთ ახალ პროკურორს, კახა ლაითაძეს გორის რაიონის სოფელ საქებოში მცხოვრები ლალი ფარეხელაშვილი უჩივის. სარჩელი მთავარ პროკურატურაში ამ დღეებში შევა. დაზარალებული ქალბატონი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ლაითაძეს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ლალი ფარეხელაშვილი, გორის მაცხოვრებელი:

– გორში მოქმედებდა ყაჩაღური დაჯგუფება. 2006 წელს მათ დააყაჩაღეს და აწამეს ჩემი ახლობლების ოჯახი. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ ცაბაშვილმა ამოიცნო ერთი დამყაჩაღებელი, დაწერა განცხადება, რომელიც შს სამინისტროში მე წავიღე. ამ დროს კრიმინალური პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი გორში იყო გელა ცალქალამანიძე, რომელსაც თავისი ოპერრწმუნებული ალექსი მიხანაშვილი ჰყავდა მიმაგრებული ყაჩაღებზე და სარგებელს თავადაც ნახულობდა. ამ საჩივრის შემდეგ მათ შემომიგზავნეს მეზობლის ქალი მარინე არჩვაძე, რომელმაც საკუთარ სახლში მცემა, შემდეგ კი საქმე შემიკერეს, თითქოს იქით მივაყენე შეურაცხყოფა. რეალურად საქმეში დევს ჩემი ექსპერტიზის დასკვნა, მას კი არ ჰქონდა. ამას გარდა, ქალბატონი ამბობდა, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში, პოლიციამ კი ორი ცრუმოწმე მოიყვანა. უამრავი განცხადება დავწერე კახა ლაითაძის საქმეზე და რეაგირებას ვთხოვდი, მაგრამ უშედეგოდ.

ჩემს საქმეზე სხვა პროკურორებსც შევხვდი. იმ ღამესვე დამესხა თავს მიხანაშვილი და გადამიყვანეს „მატროსოვის“ ციხეში, მაშინ ქალთა ციხე იქ იყო. ორი თვის განმავლობაში ისე ვიყავი დამწყვდეული, რომ არც სასამართლო პროცესი ჩატარებულა, არც მუხლი ვიცოდი, არც გამომძიებელი ყოფილა ჩემთან. რბილად რომ ვთქვათ, უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. ჩემმა ოჯახმა დაიწყო აქტიურობა, საქმეში ჩაერთვნენ არასამთავრობოები და ამ ვითარებაში საქმეში ჩამიწერეს ამნისტია და გამომიშვეს, რადგან დილით უკვე არასამთავრობოების კომისია შემოდიოდა და ბუნებრივია, იკითხავდნენ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მანდ რა მინდოდა.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა, აგვისტოს ომის შემდეგ ისევ მიჩივლა მარინე არჩვაძემ, ამჯერად დამაბრალა, თითქოს რუსები მივუყვანე სახლში, დავუნგრიე ეზო-კარი და დავაყაჩაღე. მიხანაშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თითქოს ეს მართლა ჩავიდინე. მოწმედ მყავს მეზობლები, რომ არაფერ შუაში ვარ და პირიქით, არჩვაძის ქმარმა მომითხარა ნარგავები და დამინგრია ეზო, თავად კი სახლში რუსებს აქეიფებდნენ და ასევე, მოწმედ მყავს ჩაწერილი თავად არჩვაძის დედა, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს და ამის ვიდეოფირიც არსებობს. მთელი ორი წელი ლაითაძესა და ფანჯიკიძეს, რომლებიც დღესაც მთავარ პროკურატურაში მუშაობენ, ჩემი საქმით დაინტერესებას ვთხოვდი, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ჩემი იურისტების წყალობით მივაღწიე მხოლოდ იმას, რომ სასამართლოში საქმე შეწყდა, ახლა კი აუცილებლად შევიტან განცხადებას მთავარ პროკურატურაში, რადგან არც ერთი დამნაშავე და არც ერთი პროკურორი, რომელმაც განცხადებებზე რეაგირება არ მოახდინა, არ დასჯილა.

საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება მთავარ პროკურორს, სხვა საქეებთან ერთად, იმ განცხადებაზე, რომელიც უშუალოდ მის მის მიერ დანიშნულ კადრებსაც ეხება. 

 დიანა მუსელიანი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

პოლიტიკა  |  შაბათი, 24 ნოე 2012 20:12
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

რაულ ხაჯიმბას განცხადება აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე

"ჩვენ გვინდა რეგიონში წესრიგი დავამყაროთ და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების რე ...

ვრცლად
no_banner