no_bannerno_banner

რა ჯგუფი დგას საპატრიარქოს სკანდალის უკან

დავით სერგეენკოსაშობაო ეპისტოლეში, "ინ-ვიტრო" განაყოფიერებისა და სუროგაციის თემის ირგვლივ ხმაური არ წყდება. სამოქალაქო სექტორის ერთ ნაწილს ეპისტოლეს ეს პასაჟი მიუღებლად მიაჩნია, გარკვეული ჯგუფი კი გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება.

საკითხის ირგვლივ დაპირისპირებამ პიკს საპატრიარქოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მიაღწია, სადაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. როგორ მოხვდა ეს თემები პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში, არის თუ არა რეალური საფრთხე ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების სტიგმატიზაციის, ვინ გაუწია არაკვალიფიციური რეკომენდაცია პატრიარქს და იყო თუ არა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქცია ხელოვნურად შექმნილი სკანდალის შედეგი, რაც მიზნად ისახავდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის – საპატრიარქოს დისკრედიტაციას? პირველი განცხადება მთავრობიდან ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერების თემა ძალიან სპეციფიკურ და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, ამიტომ ექსპერტებს, რომლებმაც ილია მეორეს კონსულტაცია გაუწიეს, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გაეკეთებინათ. 

მინისტრი ამბობს, რომ ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში დისკუსია დღემდე გრძელდება, რადგან რამდენიმე განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ერთი კვერცხუჯრედის განვითარებით სხვა კვერცხუჯრედები იღუპება, რაც ეთიკური დილემის წინაშე აყენებს ბიოლოგებს. სერგეენკო იმ ექსპერტების არასაკმარის ანალიზზე საუბრობს, ვისი რჩევითაც ეპისტოლეში საკითხი არასწორი ფორმულირებით მოხვდა.
რა ჯგუფი დგას საპატრიარქოს სკანდალის უკან, ვინ არიან ის ექსპერტები, ვინც პატრიარქს ინ-ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის თემაზე სკანდალური რეკომენდაცია გაუწიეს და რა რეალური პრობლემა დგას საზოგადოების წინაშე? ჯანდაცვის მინისტრი "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.

დავით სერგეენკო:
-ვვარაუდობ, თუმცა არ ვიცი, რომელი ექსპერტები მონაწილეობდნენ ამაში... ისინი, ვინც ეს რეკომენდაცია, ეს ანალიზი მიაწოდეს პატრიარქს, ალბათ, ვალდებულნი იყვნენ, უფრო ღრმად ჩაეხედათ ამ საკითხში. უფრო ყოვლისმომცველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ ასეთი ფაქიზი თემის. ეს ძალიან სპეციფიკური სამეცნიერო ტექნოლოგიაა. ადამიანების რეაქცია ამ თემაზე ერთგვარად მარგინალურია. თან ადამიანების იმ ჯგუფისგან, ვინც, ჩემი აზრით, საკითხის სპეციფიკაში ჩახედული არ არიან. ხელოვნური განაყოფიერება უკვე 36-ე წელია დანერგილია მედიცინაში. ეს ტექნოლოგია 1978 წლიდან მუშაობს და ახლაც უამრავი დისკუსიაა სამეცნიერო წრეებში ამ საკითხზე. ინ-ვიტროს ავტორი რობერტ ედუარდსი 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიისა და მეცნიერებაში უმაღლესი რანგის ჯილდოს მოპოვებისა, უშუალოდ ტექნოლოგიის ავტორიც კი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ტოვებდა უამრავ კითხვას აღნიშნულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. დღესაც ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს საფრთხეებზე, ხანგრძლივ შედეგებზე და საფრთხე არსებობს არა მარტო რელიგიური, არამედ ბიოეთიკური თვალსაზრისითაც. ეს არის თემა, რომელიც პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს და მას ღრმა და ექსპერტული ანალიზი სჭირდება.
2010 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით 4 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაბადებული ამ გზით. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ იწარმოება, შესაბამისად, კონკრეტულ ციფრებს ვერ დაგისახელებთ".
დავით სერგეენკოს განცხადებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში, სუროგაციის თემის გარდა, რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო წამოწეული. მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი შერჩევითი აბორტის თემა იყო, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მაშინ როდესაც ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის თემაზე ხმაური ატყდა. მინისტრი ეჭვს გამოთქვამს, რომ საკითხი ხელოვნურად იყო ანგაჟირებული.
დავით სერგეენკო: "მე ვერიდები შეთქმულების თეორიებზე საუბარს, თანაც აბსოლუტურად უცნობია ჩემთვის, თუ საპატრიარქოში ასეთი რამ ხდება. ამიტომ ჩემი შეხედულება უფრო რაციონალური და პრაგმატულია – აქ ექსპერტული ანალიზის დეფიციტი იყო, ვიდრე შეთქმულების თეორია.
როდესაც ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური თემა, რომელიც ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, სწორედ ამას ვგულისხმობ. საკითხები რომ განვაზოგადოთ, გეტყვით, რომ არსებობს დიქოტომური პასუხები, რომელსაც შეიძლება გაეცეს პასუხი – კი ან არა. ასევე, არსებობს არადიქოტომური საკითხებიც, რომლებზეც, უბრალოდ, ვერ იტყვი, თეთრია თუ შავი, რადგან მასში გარდამავალი გრადაციებია. ეს საკითხი – სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება არ მიეკუთვნება დიქოტომურ საკითხებს, იმიტომ რომ ახლაც კი სამეცნიერო სფეროებში მიდის მსჯელობა. შესაბამისად, მე მოდელირებას ვერ გავაკეთებ, ექსპერტთა ჯგუფს რომ უკეთესი ანალიზი ჩაეტარებინა, საერთოდ გაქრებოდა თუ არა ეპისტოლედან ეს წინადადება.
- რა გავლენას მოახდენს ეს მოწოდება საზოგადოებაზე?
- პატრიარქის საშობაო ეპისტოლე იყო დიდი მოცულობის გზავნილი, მასში მოყვანილი ათეულობით აქტუალური და სწორად გაშუქებული საკითხით. მე ძალიან გამიჭირდება, რომ ერთი მხრიდან შევხედო მას. მე ამას უფრო სისტემურად ვუყურებ, ვხედავ, როგორც ერთ მთლიანს და გამოვხატე კიდეც ჩემი გულისტკივილი, რატომ იყო საზოგადოების ყურადღება ასეთი მარგინალური მხოლოდ ამ ერთი საკითხის მიმართ, მაშინ როდესაც იქ უამრავი არანაკლებ და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, იგივე აბორტის თემა... სამწუხაროდ, ამაზე არავინ ამოიღო ხმა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვა, რომელზეც ამ წუთში პასუხი არ მაქვს.
- საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება, რომ მოხდება ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ადამიანების სტიგმატიზაცია, თქვენ ხედავთ ამ საფრთხეს?
- ესეც მარგინალური დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ უამრავი ნაშვილები ბავშვია და საზოგადოებაში მათი სტიგმატიზაცია არ ხდება, რადგან ამ საკითხს ოჯახი ძალიან სათუთად და ფაქიზად ეპყრობა. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წინადადების გამო არავინ გამოვა ქუჩაში და თითს არ გაიშვერს ბავშვებისკენ, რომ "შენ ხარ დაბადებული ხელოვნური განაყოფიერებით“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მარგინალიზებული დამოკიდებულებაა... ისევ და ისევ, არ მინდა შეთქმულების თეორიებზე საუბარი, მაგრამ ალოგიკურია ჩემთვის, როდესაც აქ მართლაც სკანდალური თემა დევს – არჩევითი აბორტები, რომელიც ქვეყანას ანგრევს, ამაზე ხმას არავინ იღებს და არის დიქოტომური და მარგინალური მსჯელობა სუროგაციაზე. ან მთლიანობაში ვერ ხედავს საზოგადოების ნაწილი პრობლემების არსს ან რაღაც კონკრეტული ინტერესია, რომ სწორედ ეს საკითხი დადგეს ლუპის ქვეშ და მოხდეს მისი ხელოვნური ანგაჟირება".

თამარ გორთამაშვილი გაზეთი "პრაიმტაიმი"

ჯანდაცვა  |  ორშაბათი, 13 იან 2014 16:27
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ვრცლად

გიორგი მარგველაშვილი - საქართვლო არ უყურებს ნატო-ს, როგორც ტერიტორიული ...

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართვლო არ უყურებს ...

ვრცლად

პრეზიდენტს და პირველ ლედის იაპონიის იმპერატორმა უმასპინძლა + ფოტოკოლა ...

საქართველოს პრეზიდენტი  იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს შეხვდა. იმპერატორი და მ ...

ვრცლად

ოთარ დანელიამ IPhone 6-ის საფასური პირადი ანგარიშიდან დაფარა

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მი ...

ვრცლად

ირაკლი ღარიბაშვილი - კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგი ...

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ადიგენის რაიონში გუშინ გ ...

ვრცლად

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხეა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქ ...

ვრცლად
no_banner