no_bannerno_banner

მარია შარაპოვა ქორწილისთვის ემზადება

2001 წლიდან მხოლოდ კორტებზე გამომუშავებული 22 მილიონი დოლარი; უიმბლდონის, ავსტრალიის, ამერიკისა და საფრანგეთის ღია პირველობის, 27 სხვადასხვა დონის ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიოს 2004 წლის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი და კიდევ უამრავი ტიტულის მფლობელი; ქერა და ცისფერთვალება; მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული გამოცემების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტი და უმსხვილესი კომპანიების სარეკლამო სახე; მსოფლიოს რეიტინგში ახლა მეორე, თუმცა ბევრჯერ ნომერ პირველი ჩოგანი, რომელიც უკვე დანიშნულია და ნოემბერში დაქორწინედება კიდეც... მოკლედ, „პრაიმტაიმი“ წარმოგიდგენთ მარია შარაპოვას!

ამ რუს ლამაზმანს ლონდონის ოლიმპიადისას, უიმბლდონის კორტებზე ერთ-ერთი მორიგი მოგებული მატჩის შემდეგ შევხვდით. მაშა შარაპოვამ რამდენიმეწუთიანი სავალდებულო პრესკონფერენცია მოამთავრა და ის იყო, გასახდელის კარი უნდა მიეხურა, ჩვენმა სიტყვამ შეაჩერა... შარაპოვასკენ გზა ვოლონტიორმა გოგონამ გადამიღობა, რომელიც პირადი დაცვის ორ ახმახთან ერთად ჩოგბურთელს მხოლოდ კორტზე თუ ტოვებდა. მაშასგან პასუხის იმედი უკვე დაკარგული მქონდა, რომ მოულოდნელად – დიახ, გისმენთ, რა გნებავთ, – მისაპუხა მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავმა და გოგონას განზე გადგომა სთხოვა. ჟურნალისტური ახსნა-განმარტების დრო აღარ იყო, აკრედიტაციაზე ისედაც ყველაფერი იკითხებოდა. შარაპოვაც, ცხადია, წამშივე ყველაფერს მიხვდა და კითხვებზე საპასუხოდ გაემზადა, თუმცა თავად დაიწყო...

– დიდხანს ნუ გამაჩერებთ, თამაშს ახლახან მოვრჩი.

– სულ რამდენიმე კითხვა მაქვს, საქართველოში თქვენ ძალიან პოპულარული ხართ და მკითხველისთვის თქვენთან ინტერვიუ საინტერესო იქნება...

– საქართველოდან ხართ? დიახ, გისმენთ, დავიწყოთ.

ის ვოლონტიორი გოგონა ბოდიგარდებს გვერდით ამოუდგა, ჩვენ კი ეს ინტერვიუ დავიწყეთ...

– თქვენ გარდა, ყველა რუსი სპორტსმენი ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობს. თქვენ ქალაქის სასტუმრო ირჩიეთ. რატომ?

– ძალიან კი მინდოდა დელეგაციასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ოლიმპიური სოფელი უიმბლდონის კორტებისგან ძალიან შორს არის, დაახლოებით საათ-ნახევრის გზაზეა და სასტუმროში ცხოვრებაც ამიტომ ვამჯობინე. აქვე ახლოს ავიღე სასტუმრო.

– ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ხართ. ამის გამო ლონდონის თამაშები თქვენთვის განსაკუთრებულია?

– რასაკვირველია. რუსეთშიც და სხვაგანაც ოლიმპიურ თამაშებს ძალიან პრესტიჟულ ასპარეზობად მიიჩნევენ. ოლიმპიადაზე სამშობლოს სახელით გამოსვლა მაინც განსაკუთრებული განცდაა. ეს ბავშვობიდან კარგად ვიცი და მახსოვს. გული დამწყდა, როდესაც ტრავმის გამო პეკინის ოლიმპიადა გამოვტოვე.

– ისე გახსოვთ, პირველად როდის უყურეთ ოლიმპიადას?

– ოლიმპიადაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჰოკეის მატჩმა დატოვა. ბავშვობაში ძალიან მომწონდა მხატვრული ტანვარჯიშის ყურებაც. პატარა რომ ვიყავი, სწორედ ტანმოვარჯიშის პროფესიაზე ვოცნებობდი. იმედია, წლევანდელ ოლიმპიადაზეც მომეცემა მხატვრული ტანვარჯიშისთვის თვალის დევნების საშუალება.

– ტანვარჯიშის რა გითხრათ, მაგრამ დღესდღეობით, მსოფლიოს მეორე ჩოგანი კი ხართ...

– მეორე ახლა ვარ, მაგრამ იმედია, ოლიმპიადას მოვიგებ და ისევ პირველი ნომერი ვიქნები (მარია შარაპოვა ოლიმპიადის ფინალში ამერიკელ სერენა უილიამსთან დამარცხდა).

– მაშა, მე ქართველი ჟურნალისტი ვარ, თქვენ სახელოვანი რუსი სპორტსმენი. საქართველო-რუსეთის ომზე არ გკითხოთ, არ შეიძლება...

– მკითხეთ, მაგრამ გიპასუხებთ თუ არა, ეს მეორე საკითხია. მოდით, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ, რადგანაც მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ და თქვენც ამას გირჩევთ. მე ჩოგბურთელი ვარ, თქვენ – ჟურნალისტი, ჰოდა, მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ასე უკეთესი იქნება. ისე კი, რომ იცოდეთ, მე ქართველი მეგობრები მყავს და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ.

– სპორტულ სამყაროში?

– ანა ჩაკვეტაძე ქართველი არ არის?! ის ჩემი კარგი მეგობარია, კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი მეორე ანაც, ტატიშვილი, რომელიც დიდი შლემის ტურნირებში რამდენიმე წლის წინათ გამოჩნდა და დიდი მომავალი აქვს. თემურ გაბაშვილი არის ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ქართველი ბიჭი.

– საქართველოში ხართ ნამყოფი?

– მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მშობლებს, ბათუმში, ზღვაზე ვყავდი დასასვენებლად. სხვათა შორის, ამერიკაში ამ ქალაქის შესახებ ერთი-ორჯერ კლიპიც ვნახე.

– ამერიკაში ცხოვრობთ?

– კი, ფლორიდაში.

– მოსკოვში?

– რუსეთში ძალიან იშვიათად ვარ. ძირითადად ტურნირებზე ჩავდივარ და ხანდახან პირადი საქმეებისთვის.

– პირადი საქმე ახსენეთ და, როგორც ვიცი, მალე უნდა გათხოვდეთ...

– სწორად გცოდნიათ. თუ რამე არ შეიცვალა, ქორწილი ნოემბერში მექნება.

– თქვენი საქმრო კალათბურთელია, არა?

– კი, საშა ვუაჩიჩი, ადრე NBA-ში თამაშობდა, ახლა კი თურქეთშია.

– სადაურია?

– სერბი.

– დიდი ხანია, ერთად ხართ?

– თითქმის ორი წელიწადია, მაგრამ ქორწილის გადახდას ახლა, შემოდგომაზე ვაპირებთ.

– თქვენი სახელობის შოკოლადის წარმოების საქმე როგორაა?

– „შუგარპოვა“? ამერიკის მაღაზიებში პირველი პარტია გასაყიდად უკვე ჩაშვებულია და იმედია, მალე პოპულარულიც გახდება. ძალიან გემრიელია, არ გაგისინჯავთ?

– სამწუხაროდ, არა.

– აუცილებლად გასინჯეთ, მოგეწონებათ.

– თქვენ რა მოგწონთ, ჩოგბურთის თამაშის გარდა?

– კონკრეტულად რა გაინტერესებთ?

– მაგალითად, რა ბრენდის ტანსაცმელს იცვამთ?

– ასე ვერ გეტყვით, ხან რა მაცვია, ხან – რა. ცნობილი ბრენდებით ძირითადად წვეულებებზე ვიმოსები.

– რა მანქანა გყავთ?

– რამდენიმე, მაგრამ თავად საჭესთან არ ვზივარ... კარგით, მგონი, საკმარისად ვილაპარაკეთ.

– ერთსაც, ვარცხნილობაზე გკითხავთ...

– ვარცხნილობას ძალიან იშვიათად ვიცვლი. მესმის, ეს რატომაც მკითხეთ, სოციალური ქსელით გავრცელდა ჩემი ერთი ფოტო სხვა ვარცხნილობით და ამას მოჰყვა ერთი ამბავი. კარგით, დავამთავროთ...

– გმადლობთ, წარმატებები...

– გმადლობთ...

მარია შარაპოვას დავემშვიდობეთ და ის ვოლონტიორი გოგონა და ბოდიგარდები ისევ გააქტიურდნენ, აღარც ფოტოს გადაღება გვაცალეს, თუმცა ამ ინტერვიუსთან ერთად „პრაიმტაიმს“ რამდენიმე ექსკლუზიური ფოტო კი დარჩა...

 

მარია შარაპოვა და საშა ვუაჩიჩი – 4 წელი ერთად

 

მარია შარაპოვა სულ მალე სლოვენიელ საშა ვუაჩიჩის ცოლი გახდება. წყვილის გადაწყვეტილებით, მოკრძალებული ცერემონია თურქეთში, კერძოდ კი სტამბულში, 10 ნოემბერს გაიმართება. უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ საშა ამჟამად იქ თამაშობს, კლუბში „ანადოლუ ეფესი“, თუმცა, როგორც გაირკვა, ქორწილის ადგილი შარაპოვამ შეარჩია, რადგან მას ეს ქალაქი ძალიან უყვარს.

25 წლის ჩოგბურთელის და 28 წლის კალათბურთელის სიყვარულის ისტორია 2009 წელს დაიწყო. ისინი ბარბექიუზე საერთო მეგობრის, ჩარლი ებერსოლის მიწვევით იმყოფებოდნენ, რომელიც მანამდე მარიას თაყვანისმცემელი იყო. სხვათა შორის, მარიას მასთან ერთად ხშირად ხედავდნენ და ვრცელდებოდა ჭორები, რომ მალე დაინიშნებოდნენ, თუმცა ვუაჩიჩის გამოჩენის შემდეგ მარია ებერსოლთან ერთად აღარავის უნახავს.

პირველად შარაპოვა და ვუაჩიჩი ერთად ჯგუფ U2-ს კონცერტზე გამოჩნდნენ, რომელიც ორივეს ძალიან უყვარს. ამის შემდეგ უკვე წყვილს ერთად საკმაოდ ხშირად ხედავდნენ.

სხვადასხვა გამოცემებთან საუბრისას მარია ყოველთვის აღნიშნავს, რომ საშა წყნარი და კომფორტული ადამიანია, აქვს იუმორის გრძნობა. გარდა ამისა, მათ შეხვედრისას კარიერა ცალ-ცალკე ჰქონდათ აწყობილი და შესაბამისად, ერთმანეთის ჩრდილქვეშ არ არიან.

ვუაჩიჩმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ხელი მათი შეხვედრის ერთი წლისთავზე, 2010 წლის ოქტომბერში სთხოვა და მისგანაც თანხმობა მიიღო.

ქორწილის თარიღის დანიშვნა კალათბურთელმა საცოლეს მიანდო. ცერემონია მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გამართულიყო, თუმცა ლონდონის ოლიმპიადაში მარიას მონაწილეობის გამო 10 ნოემბრისთვის გადაიდო.

შარაპოვას გადაწყვეტილებით, ქორწილი ძალიან მოკრძალებული იქნება და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრებიან.

კობა ინასარიძე გაზეთი "პრაიმტაიმი"

სპორტი  |  პარასკევი, 24 აგვ 2012 13:29
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა

მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

ვრცლად
no_banner