no_bannerno_banner

რას ამბობს საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით დეკანოზი ბიძინა გუნია

საშობაო ეპისტოლესაპატრიარქო კიდევ ერთხელ ჩადგა თავდაცვის პოზიციაში. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი პატრიარქის ქადაგებას ხმამაღალი კრიტიკით შეხვდა, პოზიცია არც მეორე მხარემ დათმო და დაპირისპირებამ საპატრიარქოსთან გადაინაცვლა. მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ვითარების განმუხტვა ძალოვანებს მოუწიათ.

Prime Time News-ი თავის მხრივ, მკითხველს კიდევ ერთ პოზიციას შესთავაზებს მღვდელმსახურისგან და ვფიქრობთ, ზოგიერთი რამ უფრო ცხადი და ნათელი გახდება. 

მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს დეკანოზ მამა ბიძინა გუნიასთან:

- პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, მოგეხსენებათ, საზოგადოების მითქმა-მოთქმა მოჰყვა. სუროგაციის თემაზე გამოხატული პოზიცია, ბევრმა ამ გზით დაბადებული ბავშვების დისკრიმინაციად მიიჩნია. იგივე პრეტენზიები აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებაზე. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რა პოზიცია იყო რეალურად გამოხატული ხსენებულ ეპისტოლეში?
- დაცემულ სამყაროში, თანამედროვეობის სულის ერთ-ერთ უმთავრეს გამოვლინებად, ძირითადი აქცენტების არსებითიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ გადატანას მივიჩნევთ. სამწუხაროდ, ეს დღევანდელი ყოფის თითქმის ყველა სფეროს ეხება, რაშიც საზოგადოებისთვის "საინტერესო" თემების განხილვისას მასმედიის წამყვანი "სუბიექტები" ტოლს არ უდებენ ერთმანეთს.
მე სასულიერო პირი გახლავართ და ჩემდა გასაოცრად, უმთავრესი შეკითხვა არა თუ შობის უდიდეს დღესასწაულს, არამედ სხვა საკითხს ეხება! ცნობილი იაპონელი კინორეჟისორის აკირა კუროსავას ერთ-ერთ ცნობილ ფილმს - "რასიომონს" გავიხსენებ, რომელიც აკუტაგავას რომანის მიხედვით იქნა გადაღებული. მოკლედ ვიტყვი: ოთხი პერსონაჟი – სამურაი, მისი ცოლი, ყაჩაღი და გლეხი სასამართლოზე თავს გადამხდარ მოვლენებს განსხვავებულად წარმოაჩენენ, რადგან თავის სასარგებლოდ საუბრობენ. ისმის კითხვა: რომელია მათ შორის მართალი? მართლმადიდებელი ადამიანის თვალსაწიერი ამქვეყნიურ, მიწიერ საზღვრებს სცილდება და დროში მარადისობას ჭვრეტს. ის ეკლესიური ცხოვრებით ორივე სამყაროს რეალიების თანაზიარი ხდება. ამასთანავე, ის აცნობიერებს, რომ, ღვთის მიერ დადგენილი წესით, ორივე სამყარო განმსჭვალავს ერთმანეთს და მათ შორის იერარქიულად უპირატესი ადგილი უხილავ სამყაროს განეკუთვნება.
რადიკალურად განსხვავებულია ამქვეყნიური საზრუნავით დამძიმებული, ოდენ ყოფით პრობლემებს გადაგებული ადამიანის ცნობიერება, რომელიც უკლებლივ აისახება მის ქმედებებსა თუ აზროვნებაზე, მის სულიერ ღირებულებათა სისტემაზე, მთელ ცხოვრებაზე. ასეთი ადამიანი, გარეგნულად, შეიძლება მორწმუნედაც წარმოუჩნდეს სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი პიროვნების მზერას. დავსვათ კითხვა: აქვთ კი პატრიარქის ეპისტოლეს არასწორად წამკითხველთ მკვდრეთით აღდგომის მოლოდინი, ან ღვთის ნების გამოძიების სურვილი, და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა ცხონებაზე, როგორც ამას წმინდა წერილი შეგვაგონებს: "...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6, 33).
გთხოვთ, საკითხის არსში სიღრმისეული წვდომის მიზნით, მთელი გულახდილობით, ეს შეკითხვები იმ ადამიანებს დაუსვათ, რომელთაც პროტესტი გაუჩნდათ პატრიარქის ეპისტოლეში დაფიქსირებული ზოგიერთი რჩევის, შეგონების გამო. მაგალითად: ბატონ უჩა ნანუაშვილს, ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს და სხვათა და სხვათა...
ჩემი თვალთახედვით, შეფასების განსხვავებულ კრიტერიუმებთან გვაქვს საქმე! ასე განვსაჯოთ, თუნდაც ცოდვის ცნება მხოლოდ ეკლესიური ცნობიერების ადამიანთათვის არის უაღრესად აქტუალური და არანაირად ურწმუნოთათვის. მეტიც, საერო ფსიქოლოგია არც ოპერირებს ამ ცნებით, არაფერს ვამბობთ რა სამოქალაქო სამართლის სფეროზე, რის გამოც მსგავსი მოვლენების შეფასების არეალი ერთობ შეზღუდულია და ოდენ მშრალი რაციონალიზმით შემოიფარგლება.
საუბრის არსში წვდომისთვის ათეისტთა ერთ ცნობილ შეკითხვასაც გავიხსენებთ: „თუ შეუძლია ღმერთს ისეთი ზომის ქვა შექმნას, რომლის აწევასაც ვერ შეძლებს“? რა თქმა უნდა, ეს კითხვა დასმული საკითხის იდენტური არ არის, თუმცა საერთო ის აქვთ, რომ ღვთის ნება, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაა უგულებელყოფილი და ოდენ კაცობრივ ნებასა და აზრს წარმოაჩენს. არ მინდა, დაგრჩეთ შთაბეჭდილება, თითქოსდა „განყენებულ“ თემებზე საუბრით, თავს ვარიდებ თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. იქნებ მიპასუხოთ შეკითხვაზე. ამ გზით მავალი ადამიანები ეძიებენ თუ არა ღვთის ნებას? ან იქნებ გავცეთ პასუხი კითხვებზე: რა მიზნით იქმნება ოჯახი? ან რა არის ადამიანის ამქვეყნიური ყოფის, ცხოვრების აზრი?
იმ პირთა შესაგონებლად, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლესადმი – ღირსი ისააკ ასურის ერთ შეგონებას გავიხსენებთ: „...ხორციელ სიამეთა მოყვარულთ და პირის პატივის მცოდნეთ (მუცელღმერთებს), რომელთაც ამქვეყნიური სიამენი გაუხდიათ ცხოვრების მიზნად, ისევე არ შეშვენით სულიერ საკითხთა განჩხრეკა და მათზე „ბრძნობა“, როგორც მეძავს ქალწულების შესახებ ქადაგად დავარდნა“.
იმედია, ამ სიტყვებს მავანი პიროვნულ შეურაცხყოფად არ მიიღებს.
სრულებით არ მსურს ჩვენი საუბარი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „დასაფინანსებლად“ გამოიყენოს ვინმემ, რისთვისაც წმინდა ანტონი დიდის (251-356წ.წ.) ერთ შეგონებას გავიხსენებ: „როცა ისეთ ადამიანს შეხვდები, რომელსაც კამათი უყვარს და რომელიც ბრძოლას დაგიწყებს, ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტების გამო, შეწყვიტე მასთან საუბარი, მსწრაფლ განერიდე... რადგანაც ასეთი ადამიანის გონიერება მთლიანად გაქვავებულია. როგორადაც დამყაყებული წყალი ყოვლად უხმარად შეიქმს საუკეთესო ღვინოს, თუკი მასში გავურევთ, ასევე ბოროტი საუბრები, თუნდაც იშვიათნი, განხრწნიან და წაბილწავენ ცხოვრებითა და ზნეჩვეულებებით სათნო ადამიანთა სულებს“ (საეკლესიო კალენდარი 1991წ. გვ. 222).
არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ითქვა, თუმცა იმედი მაქვს, დასმული კითხვები არაერთ ადამიანს ჩააფიქრებს. ამგვარად, როგორც ამას წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „...გულისხმიერთათვის ნათქვამიც საკმარისია, ხოლო უგულისხმოთათვის უსარგებლო იქნებოდა, ამაზე მეტიც რომ გვეთქვა".
- თქვენ თავად მიიჩნევთ თუ არა, რომ ეპისტოლეს საკმაოდ მკაცრი ტონი სდევდა?
- როცა პატრიარქის ეპისტოლეში მოხმობილ ამა თუ იმ საკითხს ამოვიკითხავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტექსტიდან მოწყვეტით არ უნდა განვიხილავდეთ მის შეგონებებს. მეტი სიცხადისთვის დავსვამთ კითხვას: სწორად გვესმის კი სიტყვა ბედნიერების მნიშვნელობა? ხომ გვახსოვს, რა წერია ბედნიერებასთან დაკავშირებით ეპისტოლეში? მოვიყვანთ ციტატას: "ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი“. ვართ კი ჩვენ ამ აზრის გამზიარებელნი? რას იტყვით? რა შუაშია აქ „ეპისტოლეს საკმაოდ მკაცრი ტონი“? ხომ არ გვერევა ერთმანეთში საერო და სულიერი ხედვა? ვარჩევთ კი ერთმანეთისგან წარმავალსა და მარადიულს? ხომ არ არის უპრიანი, მოვისმინოთ უფლის ერთი შეგონებაც: "...ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიხსენეთ"? (მკ. 8, 18).
თუ წმინდა წერილი არ გვესმის, იქნებ საერო სიბრძნე შევიგონოთ. არ გაგიგონიათ: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო?
- ალბათ, პატრიარქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო, ვრცელდება მოსაზრება, რომ თითქოს ეპისტოლეს ტექსტის რეალური ავტორი სულ სხვა ვინმეა და ის პატრიარქს არ დაუწერია. რამდენად ახლოს არის რეალობასთან ეს ვერსია?
- გასაოცარია პირდაპირ, რას არ იტყვის ენა! ცოდვის შეუცნობლობის ერთ-ერთი მიზეზი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთ ქადაგებაშია ახსნილი: „ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს, ფაქტობრივად, მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა არა გვაქვს“ (საშობაო ეპისტოლე 2013წ. გვ. 10-11). ხომ არ ეხება ეს სიტყვები იმ ადამიანებსაც, რომელთაც უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს პატრიარქის ბოლო ეპისტოლესთან დაკავშირებით? რა გაეწყობა, ეს ხომ მათი არჩევანია.
წლების განმავლობაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II მოუწოდებდა საპატიმროებში მდგომარეობის რადიკალური გამოსწორების აუცილებლობაზე, ქურდული მენტალიტეტის მიუღებლობაზე და ამხელდა ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებულ სერიოზული ხარვეზების არსებობაზე.
იქნებ დაგვავიწყდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, როცა, საომარი მოქმედებების მსვლელობისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ბერებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და ველ-მინდვრებზე მიმოფანტული ჩვენი ვაჟკაცების ცხედრები ჩამოასვენა თბილისში? ან იქნებ, არც ის იცის მავანმა, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯის აკრძალვა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის ინიცირებულია?
- ნუთუ, ფიქრობთ, რომ ყოველივე ამის "რეალური ავტორი სულ სხვა ვინმეა"?
თუ ოჯახის, ღირსების, აბორტის, სუროგატი დედებისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზე მისი უწმინდესობის დარიგებების „რეალურ ავტორად სულ სხვა ვინმე“ მიგაჩნიათ, ეს თქვენი ნებაა.
იქნებ ღირდეს გულდასმით წავიკითხოთ მისი უწმინდესობის ეპისტოლეები და ჩავუღრმავდეთ იქ წარმოჩენილ მითითებებს? თუმცა არჩევანი თქვენზეა.
ორიოდ სიტყვას ბავშვებზე, მოზარდ თაობაზეც ვიტყვით:
სად "ამოიკითხა" მავანმა ეპისტოლეში ბავშვთა უფლებების შელახვა?
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციაში ვკითხულობთ: "ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“ (პრეამბულა); ნუთუ, არ შეიძლება „ლგბტ“-სა და მისი მსგავსი ორგანიზაციების ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაიცვას სახელმწიფომ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი – მოზარდი თაობა, და ამისთვის ქმედითი ღონისძიებები გაატაროს? ალბათ, ჩემი სიტყვები ზოგიერთისთვის მიუღებელიცაა, რის გამოც დავით გურამიშვილის შემდეგ სიტყვებს გავიხსენებთ: "ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქმს საძრახავსა: თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა".

საზოგადოება  |  ორშაბათი, 13 იან 2014 16:06
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

მამა პეტრე - ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს არ არის მიწიერი ბავშვი

15 ივლისს, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის თამარ (თაკო ...

ვრცლად

ეროსი კიწმარიშვილი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ესწრებო ...

ვრცლად

ჯგუფური თავდასხმა სომხურ ეკლესიაზე - არიან დაშავებულები

თბილისში სომეხთა სამოციქულო ეკლესიას 50-მდე ადამიანი ორგანიზებულად დაესხა თავს.

ვრცლად

სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა (ფოტოკო ...

სანაპიროზე, რესტორან "თაღლაურასთან" ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დ ...

ვრცლად

საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ვრცლად

თოდუას კლინიკაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თოდუას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვრცლად
no_banner