no_bannerno_banner

"პრაიმტაიმის" პრესკლუბის სტუმარია გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანიქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დევნილებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოახლოებული არჩევნების თემაზე და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდზეც.

– მინდა ყურადღება გავამახვილო ორ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა.

პირველი საკითხი შეეხება იმ მძიმე ვითარებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა იმ სოციალურ ნაწილს, რომლებიც არიან დევნილები. საქმე ეხება რეალური შეღავათის გაუქმებას დევნილებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შეღავათის სახით ერთ სულზე 100 კილოვატ ელექტროენერგიას იღებდნენ. ეს იყო ამ ადამიანების გადარჩენის რეალური შესაძლებლობა. დღეს ეს ხალხი ამ შეღავათის გარეშე რჩება და მათ არ აძლევენ საშუალებას, დააყენონ შეშის გამათბობლები. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მოხდა კომპენსაციის ხარჯზე. მათი დახმარება არის 22 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში 100 კილოვატ ელექტროენერგიაში იხდიდა დაბალ თანხას. 5-6 თეთრზე მეტი საქართველოში კილოვატი ელექტროენერგია არ უნდა ღირდეს. ეს საკითხი სასწრაფოდაა აღმოსაფხვრელი.

ჩვენ ვაყენებთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხს. ისინი უნდა იქნენ დათხოვნილი თანამდებობიდან. ხელისუფლება ეფარება მინისტრს, რომელიც გაუგონარ დანაშაულებს სჩადის.

მეორე თემა – ეს არის ამერიკული სიმინდის თემა. ჰიბრიდული სიმინდით წელს 20 ათასი ადამიანი დაზარალდა, მათ ჩაუვარდათ მოსავალი და ტვირთად დააწვათ სათესლე მასალის თანხა. ქდმ-მ ყოველდღიური ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ, რომ ამ ადამიანების ნაწილს გაუთავისუფლდა ეს გადასახადი. მაგრამ ვისაც აქვს 2 ჰექტარი მიწა, მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბანკები ახლა უკვე კატეგორიულ მოთხოვნას უყენებენ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ. სოფლად მცხოვრები ადამიანები დაკარგავენ მიწებსაც და საცხოვრებელ სახლსაც. მათ კრედიტები იმისთვის გამოიტანეს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ჩვენ ვითხოვთ, რომ სააკაშვილის დავალება იქნას შესრულებული, რომელმაც ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ ეს ადამიანები განთავისუფლდებოდნენ ამ გადასახადებისგან. ელემენტარულად მთავრობა არ აპირებს, შეასრულოს პრეზიდენტის დავალება.

ეს არის ის ორი თემა, რაც ადამიანების ცხოვრებას ართულებს ამ დღეების განმავლობაში. კატასტროფის წინაშე დგას ბევრი ადამიანი.

– მინდა გკითხოთ იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით?

– ამ საკითხზე არის გარკვეული დილემა. იურიდიული მხარე არის ის, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა შემოდგომა. ვადებზე არის პრობლემები. მაგრამ რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ჩვენ შეიძლება მასთან პირდაპირპროპორციულად საქმე არ გვქონდეს. ღიად ვამბობთ, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია არჩევნების ჩატარება და ამისთვის მზად არის, ეს არის მხოლოდ ხელისუფლება. ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერ იტყვის იმას, რომ მოასწრებს არჩევნებში მონაწილეობას. ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესი ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისა. თუ ასეთ შემთხვევაში ჩატარდება არჩევნები, მომზადებული იქნება ხელისუფლება. ეს არჩევნები კი ვერ ასახავს იმ განწყობას, რომელიც აქვს საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება ოპოზიციას.

– გუშინ ივანიშვილს ჰქონდა პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია. აქტუალური იყო საუბარი პოლიტიკაში ფულზე. უქონელნი პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ. ასეთი განცხადებები მანამდე არ ყოფილა, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა. რასთან გვაქვს საქმე?

– ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობდა ასაკობრივი ცენზი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს ახალი პოლიტიკური ძალის მიერ შემოთავაზებულ ახალ ცენზზე, რომელსაც შესაძლოა, ვუწოდოთ ფინანსური ცენზი. საქართველოში მოსახლეობის 90%, ალბათ, შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მათ გამოვუცხადოთ, რომ არიან მეორეხარისხოვანი. მე მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების ასე დაყოფა – ფულიანებად და უქონელებად და პოლიტიკაში წასვლის უფლების აკრძალვა უფულოებისთვის დაუშვებელია. მეეჭვება, რომ მსგავსი განცხადებით, მათი ბეგრაუნდი წარმატებული იყოს. ივანიშვილის გუნდის ასეთი განცხადებები დააშორებს მათ საზოგადოებრივ აზრს. რაც შეეხება გუნდის წევრებს, რომელთაგანაც სამი ყოფილი მოქკავშირის სახეა, საეჭვოა ამ ადამიანების წარმატებული საქმიანობა.

– ბატონო გიორგი, თუკი არჩევნები მაინც გაზაფხულზე ჩატარდება, რამდენად მომზადებული იქნება თქვენი პარტია და ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილისთვის აკეთებს ამას ხელისუფლება?

– ჩვენ შეიძლება სხვებთან შედარებით ვიყოთ უკეთეს მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვექნება სრული საშუალება. შესაძლოა ეს ბიძინა ივანიშვილის გამოც მოხდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის საშუალებით არ დააჩქაროს ეს პროცესები და შემდგომ არ მოხდეს ამ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება.

– მინდა დავუბრუნდე ივანიშვილის ჯგუფის პრეზენტაციას. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული გუნდი იქნება? გურამ ოდიშარიას წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, რომ ის აწარმოებს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს. რას გვეტყვით ამისთან დაკავშირებით?

– გურამ ოდიშარიას წარდგენისას პარტიის ლიდერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც გამოაცხადა, რომ გურამ ოდიშარია არის საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართული ადამიანი. არა მგონია, რომ თავად გურამ ოდიშარიას მისაღებად მიაჩნდეს ეს სტატუსი. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რაც მან აფხაზეთის მიმართულებით გააკეთა, მაგრამ არა მგონია, ეს მისთვის მისაღები ყოფილიყო. საზოგადოება უკვე შეეჩვია ივანიშვილისგან შეცდომების დაშვებას განცხადებების კეთების დროს. თუ ამ შემთხვევაში ივანიშვილის მხრიდან ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ეს სხვა რეალობაა, მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ აფხაზეთი და საქართველო სხვადასხვა სახელმწიფოა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. ეს სერიოზული პრობლემის გამომწვევი საკითხი უნდა გახდეს.

რაც შეეხება ამ გუნდს, მის ძირითად ნაწილს, რომელიც აქამდე აპოლიტიკური იყო, მათ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი. ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. ისევე როგორც ერთ-ერთი იურისტის ნათქვამი გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი.

– ამ კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტი, იგივე რესპუბლიკელები, ყოველთვის აცხადებდნენ, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა. იმავე კოალიციაში კი დღეს პოლიტიკას აკეთებენ მსახიობები, სპორტსმენები... როგორი იქნება თქვენი შეფასება?

– არ ვიჩქარებდი შეფასებების გაკეთებას. რომ პოლიტიკას აკეთებენ მწერლები, მსახიობები და ა.შ. როგორც გითხარით, ეს პოლიტიკის კეთება იქნება თუ პოლიტიკაში თამაში, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვხედავთ მიმართულებას, რომ ივანიშვილი გახდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი. ეს ადამიანი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას მისი ლაპარაკი არ მოსწონს, რაც ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის, რომ რესპუბლიკელებმა ლაპარაკი ნამდვილად იციან. თუ ვინმე იტყვის, ბერძენიშვილმა ლაპარაკი არ იცისო, ეს ძალიან არაადეკვატური შეფასება იქნება. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის გარკვეულწილად მიუღებელია ის ლიბერალიზმი, ის ხედვები და პლატფორმა, რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით ფიქრობს, ის ამბობს, რომ თურმე რესპუბლიკელების ლაპარაკი არ მოსწონს ხალხს, აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ალბათ, რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ისინი იქნებიან წარმმართველი ძალა ივანიშვილის ბლოკში. პოლიტიკას „ქართული ოცნების“ გაერთიანებაში წარმართავენ ისინი. ეს სწორედ ამაზე მიუთითებს.

– თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რამდენად გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადალახოთ ბარიერი? ხომ არ ფიქრობთ ბლოკის შექმნაზე?

– ბლოკის შექმნისთვის ჩვენ არავითარი აუცილებლობა არ გვიდგას. არც მოლაპარაკებები და არც ფიქრი ამ მიმართულებით არ გვაქვს. იმ რეიტინგებს რაც შეეხება, რომელსაც ხან ივანიშვილის გუნდი და ხან „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს, არ ვემხრობით იმ მიზეზის გამო, რომ ეს კვლევები უნდა ჩაატაროს ორგანიზაციამ, რომელიც არ არის მხარე. ნაციონალები და ივანიშვილი შიდა კვლევებისთვის აფინანსებენ ორგანიზაციებს. ამიტომაც არც ერთის მიმართ ნდობის ფაქტორი არ იქნება მაღალი. ჩვენც ვატარებთ კვლევებს, მაგრამ ეს კვლევები არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. ჩვენ ამის დემონსტრირებას იმიტომ არ ვახდენთ, რომ ეს არის ჩვენი დაკვეთილი კვლევები. ჩვენ ვენდობით ამერიკული ინსტიტუტის „აირაის“ კვლევას, რომელიც არც ერთი მხარისგან არ ფინანსდება და ის დაინტერესებულია, იცოდეს ის რეალობა, რაც არის სინამდვილეში. ეს კვლევები, ალბათ, მაისისთვის ყველასთვის ცნობილი იქნება. ის ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება.

თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არ წამოეგება შეცდომას და არ გადაყლაპავს ხელისუფლების სატყუარას, არჩევნები მაისში მოსალოდნელი არ არის. ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ მას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო, თუნდაც რეგიონალური წარმომადგენლების მხრივ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ის ამ არჩევნებისთვის მზად იყოს. თუ ოპოზიცია გადაყლაპავს სატყუარას, ხელისუფლება, ოპოზიციისვე მოთხოვნით, ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელიც მხოლოდ მას აძლევს ხელს.

პოლიტიკა  |  ხუთშაბათი, 16 თებ 2012 14:44

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პარლამენტში "ქდმ"-ს ინიციატივის განხილვას სახალხო კომისია დღეიდან შეუდ ...

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პალიკო კუბლაშვილის განცხადებით, "ქდმ"-ს ინიციატივი ...

ვრცლად

პრეზიდენტმა მღვდელმონაზონი იონა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტ ...

ვრცლად

თოფაძე "ლეიბორისტების" ლიდერს პროვოკაციებისთვის თავის დანებებას ურჩევს

ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "მრეწველების" ლიდე ...

ვრცლად

გიგი წერეთელი - ტრამპის ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ბიზნე ...

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, ამერიკელი ბიზნესმენის დ ...

ვრცლად

ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ალასანიას განცხადება რბილი იყო იმასთან შედარე ...

როგორია "ქართული ოცნების" პოზიცია კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ განცხადებებზე? ...

ვრცლად

"ლეიბორისტები" საქართველოში სამხრეთ–აფრიკელი ბურების გადმოსახლებას აპრ ...

"ლეიბორისტული პარტია" საქართველოში სამხრეთ–აფრიკელი ბურების გადმოსახლებას ...

ვრცლად
no_banner