გაჩეჩილაძეების ირგვლივ შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს. საქმე ეხება სატელევიზიო პროექტსა და პოლიტიკურ მელოდიებს, რომელსაც "უცნობი" ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ამზადებს, თუმცა ამ პროექტში მან კოლეგები ისე ჩაითრია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტების შესახებ არ გაუფრთხილებია. ჩვენთვის ცნობილი გახდა პროექტისთვის ჩაწერილი ერთ-ერთი სიმღერის შესახებ, რომელსაც "უცნობი" ქეთათო ჩარკვიანთან და რობი კუხიანიძესთან ერთად ასრულებს. ირკვევა, რომ გია ყანჩელის მელოდიებზე ჩაწერილი სიმღერა გია გაჩეჩილაძემ მოგვიანებით პოლიტიკური ტექსტებით "გაამდიდრა". ქეთათო ჩარკვიანისთვის „უცნობის“ თვითშემოქმედება სიურპრიზი აღმოჩნდა და პროექტში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადა. "პრაიმტაიმი" დეტალების დასაზუსტებლად ქეთათო ჩარკვიანს დაუკავშირდა.
ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი:
– არ ვაპირებ და საერთოდ, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს პოლიტიკურ კამპანიაში მივიღო მონაწილეობა.
– თუმცა სიმღერა, რომელიც შენ ჩაწერე, „უცნობთან“ და რობი კუხიანიძესთან ერთად, აშკარად პოლიტიკურ მოტივებზეა.
– ეს იყო, უბრალოდ, ყანჩელის მოტივებზე, რომლის შემოქმედებას პატივს ვცემ, თუმცა, თუ ეს სხვაგვარად იქნება გამოყენებული, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემი პარტია იყო, უბრალოდ, ყანჩელის მელოდია და შემდეგ თუ გიამ სხვანაირი სახე მისცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ზოგადად, სტუდიებში უამრავი რაღაც იწერება, თუმცა, როდესაც ხედავ, რომ ამას პოლიტიკური სახე ეძლევა, ეს ჩემთვის მიუღებელია. პოლიტიკაში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიმიღია და არც მომავალში ვგეგმავ. არ ვაპირებ, საკუთარ პრინციპებს ვუღალატო.
– როდესაც ამ სიმღერის ჩაწერა შემოგთავაზეს, გაგაფრთხილეს, რომ მას მოგვიანებით შეიძლებოდა, პოლიტიკური ქვეტექსტები დასდებოდა?
– არა, არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ყანჩელის მელოდია, რომლის მისამღერიც ვიმღერე. მაგრამ, როგორც კი მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ამას პოლიტიკური სახე მიეღო, ხმამაღლა განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი ამაში მონაწილეობას.
– თუ აგიხსნეს, რა მიზნით იქმნებოდა ეს სიმღერა?
– რა მიზნით შეიქმნა, ვერ გეტყვით. უბრალოდ, სტუდიაში მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც ჩემი პარტია შევასრულე, პარტია, რომელიც არის ნეიტრალური და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ტექსტებიდან. შემდეგ რა მოხდა, ვერ ვეტყვით.
– თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გია გაჩეჩილაძე აკეთებს პროექტს, სადაც სწორედ ეს სიმღერა იქნება გამოყენებული?
– იცით, რა? მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და სხვის ნაცვლად ვერაფერს გეტყვით. ამ პროექტში ჩემი ვოკალი არ იქნება გამოყენებული. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მსგავს პროექტებში და მით უმეტეს, ახლა არ მივიღებ.
– თუ აპირებთ, რომ გია გაჩეჩილაძესთან გაარკვიოთ ეს სიტუაცია?
– ხმის პროდიუსერთან, ვინც სიმღერა ჩაწერა, აუცილებლად გავარკვევ და ვეტყვი, რომ ჩემი ვოკალი არ იქნას გამოყენებული. მე ამაზე უარს ვამბობ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომღერალს აქვს სურვილი, ისეთი გენიალური კომპოზიტორის სიმღერა შეასრულოს, როგორიცაა გია ყანჩელი, მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ ამ ყველაფერს სხვა დატვირთვა ეძლევა, დაფიქრდები და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებ. თუ სიმღერის კონტექსტი წინააღმდეგობაში მოდის შენს პრინციპებთან, ცხადია, ამაზე უარს ამბობ. ასე მოვიქეცი მე. ზოგადად, პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობა ჩემთვის მიუღებელია და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კამპანიაში ჩემი მონაწილეობა ყოვლად მიუღებელია, პირადად ჩემთვის. ჩემს საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი. არ ვაპირებ ივანიშვილის კამპანიაში მონაწილეობას.
– და თუ ეს სიმღერა მაინც გაიჟღერებს თქვენი წამღერებით?
– არა, ეს სიმღერა ჩემი მონაწილეობით ვერ გაიჟღერებს. ხვალვე საქმის კურსში ჩავაყენებ ხმის ჩამწერ სტუდიას, რომ ამოღებულ იქნას ჩემი ვოკალი. ჩემს პარტიაში პოლიტიკური ტექსტები არ ყოფილა, თუმცა სხვის ტექსტებზე პასუხს მე ვერ ვაგებ.
P.S. აი, ასეთია ქეთათო ჩარკვიანის პოზიცია. ის, სიმღერაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ აპირებს არც რობი კუხიანიძე, რომელიც ასევე გეგმავს სიტუაციის გარკვევას. თემის გაგრძელება და რობისთან ინტერვიუ იხილეთ „პრაიმტაიმის“ ამავე ნომერში, მე-9 გვერდზე.
მირიან ბოქოლიშვილი გაზეთი "პრაიმტაიმი"


"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების"ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მა ...
ივანიშვილის კოალიციაში წევრობისთვის რესპუბლიკურ პარტიაში აპლიკაციების შეტანას არ ...
"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" ურთიერთთანამშრ ...
პარლამენტარები, დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ამ თემ ...
საქართველოში ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ჩამოვიდა. თბილისში ...
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდ ...



















