no_bannerno_banner

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი მოლას ცოლს მაგონებს

შალვა ნათელაშვილიბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენით მხოლოდ ოპოზიციას წაართვა ელექტორატიც და რეიტინგიც. გამონაკლისი არც "ლეიბორისტული პარტიაა". შალვა ნათელაშვილს ყოველთვის ჰყავდა საკუთარი ამომრჩეველი, თუმცა, ლეიბორისტების ლიდერი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეიტინგი უკვე დაბლა იწევს. საარჩევნო მარათონი გახსნილია, თუმცა შალვა ნათელაშვილი პარლამენტში დაბრუნებას არ აპირებს.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენთვის ეს პარლამენტი გარდაცვლილია იმ დღიდან, როცა სააკაშვილმა გვამებზე გადავლით გადაწყვიტა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა. თუმცა, ჩვენმა მეგობრებმა ოპოზიციიდან, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ ჩვენი პარლამენტში შესვლის და არ შეგვიშვეს, ჩვენ მათ ანგარიში გავუწიეთ, სიამოვნებით შეაფარეს თავი საკრებულოს. ჩვენ არც საკრებულოს არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა.

– რესპუბლიკელები და ალასანია გყავთ მხედველობაში?

– არამარტო, კობა დავითაშვილიც. ამათ არამხოლოდ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ნაციონალებს დაუკანონეს შედეგები და უგულავას გამარჯვებაც კი მოულოცეს. არც „რვიანში“ შევედით, არც „ექვსიანში“, არც აბაშიძის კოალიციაში ვიყავით, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის საარჩევნო სიებში ჩავეწერეთ. არც რუსეთის ვყოფილვართ, არც დასავლეთის არც ბრიუსელის...

– ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბატონო შალვა. კეთდება განცხადებები, რომ არა მხოლოდ ოპოზიციაა ახლა მზად არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო სიების გადამოწმება ვერ მოესწრება მაისისთვის.

– სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ვადაში ჩატარებული არჩევნები გახსოვთ? არჩევნებმა ან გადაიწია ან გადმოიწია, მოულოდნელობის ეფექტი რომ გაზრდილიყო და მეტი ვერაგული შედეგი მიეღოთ თავისთვის. დასაშვებია, ეს მოხდეს, ოღონდ ერთი რამ გავითვალისწინოთ. ეს ორგანიზაცია, ვინც სარჩელის შეტანას აპირებს, ამერიკის შეეთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დაფუძნებული „ცეერუს“ აგენტურაა. ეს ბრალდება არ არის ნამდვილად. ეს არის ამერიკაზე უარესი ამერიკა. თუ ეს მოხდა, მაშინ ამერიკა იწყებს გადატრიალების მეორე ეტაპს. ობამამ ხომ უთხრა სააკაშვილს: ფორმალურად გადააბარე ხელისუფლება და დარჩიო. აი, ეს უნდა აღსრულდეს მოულოდნელი არჩევნებით.

– ეს რაღაც უფრო მითს ჰგავს.

– რატომ, ამერიკის ვასალი რომ ვართ, ამას სულ მიყრუებულ სოფელშიც გეტყვიან. ბიულეტენების დათვლის უფლებაც რომ აღარ დაგვრჩა და „ენდიაი“ და „აირაი“ რომ გვითვლის ხმებს და გვიწერს.

– რატომ არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების ოქტომბრიდან მაისში გადმოტანა?

– იმიტომ რომ სულ უფრო მეტი ხმა მიიღოს სააკაშვილმა, კარგად გააყალბოს და სხვები მოუმზადებლები იყვნენ... და მათი ინტერესები ამ ტერიტორიაზე მიშას გამარჯვებით დაცული იყოს.

– კი, მაგრამ ამბობენ, რომ ობამამ სააკაშვილს შეხვედრაზე უთხრა, წადი სახლშიო.

– ეს არის სრული ტყუილი. ამას ცრუობს ბიძინა ივანიშვილის ბლოკი, სურთ, რომ საკუთარი წონა აწიონ ხალხში – თითქოს მათი გამოჩენის შემდეგ ობამამ დაიბარა სააკაშვილი და უთხრა: წადიო. ეს სრული სიტუტუცეა. ივანიშვილიც ამერიკის შექმნილია, ოღონდ როგორც სარეზერვო ძალა. როგორც სარეზერვო ბარიერი, რომ ჩვენ არ მიგვიშვან ხელისუფლებაში, ის უნდა შუაში დაგვახვედრონ. მაგრამ ამერიკის ძირითადი საყრდენი სააკაშვილის ხელისუფლებაა.

– შეგიძლიათ, დაასახელოთ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს „ლეიბორისტულ პარტიას“?

– ქვეყანა რატომ უნდა გვიჭერდეს მხარს? ჩვენ მონათესავე პარტიებთან გვაქვს კავშირი. მაგალითად, ამას წინათ შევხვდი ვენაში მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ასევე ჰოლანდიაში, გაეროში პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელთან „ნიქსონ ცენტრში“

– სწორედ მაგის თქმა მინდა, რომ, ალბათ, პოლიტიკური პარტიისთვის არ არის ცუდი, თუკი მას მხარს უჭერენ ქვეყნის გარეთაც.

– სამწუხაროდ, ჩვენს სიტუაციაში ეს გადამწყვეტია. რომ არა ამერიკა, სააკაშვილი დარჩებოდა ოპოზიციაში. სააკაშვილი იქნებოდა ნოდარ ნათაძე ახალგაზრდობაში.

არჩევნები დაიწყო და პიარშიკები თუ გყავთ?

– ჩვენ თვითონ ვართ საკუთარი თავის პიარშიკები. ჩვენი ხალხის განწყობები ჩვენზე კარგად არანაირმა ამერიკელმა ან სხვა ქვეყნის პიარშიკებმა არ იციან. ახლა ამათ აღარ იციან, ფული სად წაიღონ. 250 მილიონი გადაუხადა ივანიშვილის კოალიციამ ამერიკელ პიარშიკებს. მათ დაიქირავეს „პატონ ბოგსის“ ცნობილი პიარკომპანია. ეს არის ლობისტური კომპანია, რომელიც ლობირებას უწევს ინდოეთს და ეხმარება ატომური ელექტროენერგიის დაკანონებაში. სააკაშვილს ჰყავს 3-4 კომპანია და იქაც მილიონები მიდის ჩვენი ჯიბიდან. აიღონ ეს მილიონები და ერთი სოფელი ააშენონ...

– ხომ აშენებენ ლაზიკას?

– ეგ სოფელია? სოფელი ააშენონ. ლაზიკა არის ახალი ვასიუკი. სირიელი სომხების შეკვეთაა და ამ პროექტს ამერიკული სომხური ლობი უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, სომხების ოცნებაა, ზღვის პირას დასახლდნენ.

– ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თქვენმა რეიტინგმა კვლევებში დაიწია.

– ეს მოხდა იმიტომ, რომ ამერიკელებმა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ გამოუშვეს. სააკაშვილის ხმებს ხომ არ წაიღებს ივანიშვილი? საშუალო ფენა, რომელიც მომზადებულია, სტარტზეა ქვეყნის ასაშენებლად, ამ ელექტორატის ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილის ფულები მიმზიდველი აღმოჩნდა. ასე იყო. თუმცა, ბიძინას რეიტინგის ვარდნის პროცესი დაიწყო.

– ამას რით ხსნით?

– ჩვენმა საპასუხო ცეცხლმა დასცა მისი საოცნებო ცის კაბადონი. მერე საახალწლოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა, რომ ყოფილა ძიძიგურის, დავითაშვილისა და ალასანიას პარტიის მილიონერებად გადაქცევის საშუალება. თურმე მთელი საქართველო ამაზე ოცნებობდა. ახლა ისეთი ფაქტები მჟღავნდება – ბოკერიასთან მოლაპარაკებები, ხელისუფლებასთან გარიგებები, უყურადღებობა ხალხის მიმართ - ჩვენ შევთავაზეთ, 300-300 ლარით დახმარებოდა ხალხს საშობაოდ ივანიშვილი და არ გადაურიცხა. საერთოდ, ეგეთი ტიპები, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, უნდა ისხდნენ ჩუმად და გარეთ არ უნდა გამოდიოდნენ. ასეთი ადამიანი რაც მეტს ეჩვენება ხალხს და რაც მეტს ილაპარაკებს, სულ დაიღუპავს ქარიზმას.

ეს იცით, რას მაგობენს? მოლამ ცოლად შეუხედავი ქალი მოიყვანა. მოლას ფული გადაუხადეს, ვალი ჰქონდა, თუ რაღაც მაგდაგვარი, და ერთ-ერთ ცოლად შეუხედავი ქალი შერთეს. ქორწილის შემდეგ პატარძალმა მანჭვა-გრეხით ჰკითხა: მოლა, შენ გარდა კიდევ რომელ შენს ნათესავს შეიძლება ვეჩვენოო. იქ ხომ ჩადრი აქვთ ჩამოფარებული და ქმრის ნებართვის გარეშე მისი მოხსნა არ შეუძლიათ. მოლამ უთხრა: ოღონდ მე ნუ მეჩვენები და ვისაც გინდა, ეჩვენეო.

საერთოდ, საოცრებები მესმის ივანიშვილისგან. ჯერ მისი ზიგმუნდ ფროიდის ინტერპრეტაცია გავიგეთ ახლებურად. ფროიდისტი ყოფილა. მოგეხსენებათ, ეს ავსტრიელი ფსიქოლოგი ყველაფერს სექსს უკავშირებდა: გაბრაზებას, გახარებას, ნევროზს, კიბოს, ინფარქტს. აჭარბებდა. ესენიც ამ მიმართულებას ეთაყვანებიან. ყველაფერი მოდის უფლიდან და არა სექსიდან. სექსუალური „აზაბოჩენნობის“ მომენტია, როგორც ჩანს, იქ.

– ფროიდის მიდგომები გასაგებია, ის ფსიქოლოგი იყო და როცა პოლიტიკოსს აქვს ასეთი დამოკიდებულებები, ეს რას ნიშნავს, თქვენი აზრით?

– არ ვიცი, ფროიდისტი პოლიტიკური ფიგურა ჯერ არ მინახავს, მათ შორის არც ფროიდის სამშობლო ავსტრიაში.

– ტრადიციულად არჩევნებში მარტო მონაწილეობთ ხოლმე, ბლოკის შექმნის შესაძლებლობას ახლაც გამორიცხავთ?

– ჩვენ იურიდიულ ბლოკს არ გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტობრივი კოალიცია ყოველ არჩევნებში გვაქვს. არ გახსოვთ, რამდენი მოღვაწე და ხელოვანი ეწერა ჩვენთან? რეზო ჩხიკვიშვილი, გოდერძი ჩოხელი, წინა არჩევნებზე ელიზბარ ჯაველიძე... ასეთი ფორმატით თანამშრომლობა შეიძლება. ჯერ კონსულტაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა პარტიებიდან გარკვეული ადამიანები ჩვენს სიაში მოხვდნენ.

– მინდა გკითხოთ იმ შეზღუდვებზე, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეიტანეს, საუბარია დაფინანსების ლიმიტებზე.

– ეს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებს, იმიტომ რომ არავინ გვაფინანსებს.

– მაგრამ რამდენად კარგია ასეთი შეზღუდვები პატარა პარტიებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ისეთივე ფინანსური რესურსები, როგორც ბიძინა ივანიშვილს ან თუნდაც ხელისუფლებას.

– კარგია, რა თქმა უნდა.

– როგორ ფიქრობთ, არჩევნებში ბარიერს გადალახავთ?

– „ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლების სათავეში თუ არ მოვიდა, ეს ნგრევა და უბედურება სულ იქნება.

 

                                                                                       მირიან ბოქოლიშვილი  გაზეთი "პრაიმტაიმი"

პოლიტიკა  |  ორშაბათი, 20 თებ 2012 10:05

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"თავისუფალი საქართველო" ივანიშვილის ინიციატივას მიესალმება

"თავისუფალი საქართველო" ბიძინა ივანიშვილის წინადადებას, რომ ის მზად არის მაჟორი ...

ვრცლად

პაატა ზაქარეიშვილი: ალასანია-რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ...

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ზაქარეიშვილი, "კავკასიის ჰელსინკის ...

ვრცლად

გრიგოლ ვაშაძე ბრატისლავაში თავის კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლე ...

ვრცლად

გრიგოლ ვაშაძე სუამის მინისტერიალის მუშაობაში ჩაერთო

პრაღაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე პოლონეთ ...

ვრცლად

ეროსი კიწმარიშვილი "ქართული პარტიიდან" გაირიცხა

"ქართულმა პარტიამ" ეროსი კიწმარიშვილთან ოფიციალურად ურთიერთობა გაწყვიტა. ამ ...

ვრცლად

მიხეილ სააკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოს ...

ვრცლად
no_banner