No banner
No banner

რუსთავის ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო 32 დამატებითი ჯგუფი გაიხსნება

რუსთავის ბაგა-ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო დამატებით 32 ჯგუფი წლის ბოლომდე შეიქმნება – ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელმა კახა გურგენიძემ და რუსთავის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარემ ია ქელბაქიანმა გააკეთეს.

გურგენიძის თქმით, კანონმდებლობაში საბავშვო ბაღების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა პრობლემებს საქართველოში არსებულ ყველა თვითმმართველობას შეუქმნის, მაგრამ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა რუსთავი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ისინი ამ პრობლემების გადაწყვეტას გეგმავენ.

“ჩვენ დავიწყეთ ეფექტურად მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ამან კი საშუალება მოგვცა დავაკმაყოფილოთ ბავშვების გაზრდილი კონტინგენტი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სერვისი ბაღებში. რუსთავში პირველ ეტაპზე ვგეგმავთ არსებული ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას, რადგანაც ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი. ასევე საჭიროა 10 ახალი ბაღის მშენებლობა. ასევე ვაპირებთ შემოვიღოთ ვაუჩერული სისტემა, რომლითაც სარგებლობა იქნება შესაძლებელი”, – აცხადებს გურგენიძე.

ქელბაქიანის განცხადებით, 1 462 ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის მსურველი 3 250 აღსაზრდელია.

“აღსაზრდელთა მკვეთრად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის რეგისტრაციის წესის ცვლა. აღსაზრდელთა რეგისტრაცია www.rustavikids.ge- ზე მოხდება. რეგისტრაცია 5 სექტემბერს დილის 10 საათზე დაიწყება”, – აცხადებს ქელბაქიანი.

საზოგადოება  |  სამშაბათი, 3 სექტემბერი 2013 11:58